გია ვოლსკი - როგორც კი რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, საქართველომ მიმართა ჰააგის ტრიბუნალს გამოძიების დაწყებაზე შესაძლო გადაწყვეტილების მისაღებად ნებისმიერი თანამდებობის პირისადმი, პრეზიდენტის ჩათვლით
როგორც კი რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, საქართველომ მიმართა ჰააგის ტრიბუნალს რუსეთის მიმართ გამოძიების დაწყებაზე შესაძლო, სავარაუდო გადაწყვეტილების მისაღებად ნებისმიერი თანამდებობის პირისადმი, პრეზიდენტის ჩათვლით, თუკი სამხედრო სახის დანაშაულებები იქნებოდა ჩადენილი, ეს არის ჰააგის ტრიბუნალის დანიშნულება და სტატუსი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, იმ პერიოდში, როდესაც აღნიშნული გადაწყვეტილება მზადდებოდა და სხვა 37 ქვეყანასთან ერთად საქართველო ამზადებდა სარჩელს ჰააგაში შესატანად, მოხდა უკრაინის მიერ ელჩის გაწვევა.
„დღეს უკვე აშკარაა, რომ უკრაინა არათუ მადლიერებას გამოხატავს სამართლებრივი და პოლიტიკური თანადგომისთვის, ჰუმანიტარული თანადგომისთვის, რასაც საქართველო მას უწევს, არამედ ელჩი გაიწვია მაშინ, როდესაც ჩვენი ელჩი დღემდე იქ არის და საკმაოდ საშიშ პირობებში აგრძელებს მუშაობას, როგორც ელჩი, ასევე მთლიანად საელჩო და საკონსულო. ეს არის რეალობა და ეს მიანიშნებს, რომ უკრაინის მიზანი და ამოცანა აბსოლუტურად სხვა არის საქართველოს მიმართ.
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უკრაინის ინტერესია, არა მადლობა გამოხატოს იმ პოლიტიკური, ჰუმანიტარული, სამართლებრივი თანადგომისათვის, არამედ საქართველოს კიდევ ერთხელ მოუწოდოს, რომ ჩაერთოს საომარ მოქმედებებში, ამას ღიად ადასტურებენ. პოლიტიკური სიბეცე და პოლიტიკური სიბრმავე ვინც გამოიჩინა, იმას ვერაფერს ვეღარ უშველი, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ამას სპეციალურად იყენებენ, რომ ადამიანებს მიაწოდონ არასწორი ინფორმაცია, თაღლითური ინფორმაცია, თითქოს საქართველოს აქვს რაიმე ინტერესი, როგორმე მხარი დაუჭიროს ან რუსეთის კარნახით იმოქმედოს. არ დადასტურდა შავი ხვრელები, არ დადასტურდა სანქციების წინააღმდეგ წასვლა, არაფერი არ დადასტურდა. დღის წესრიგში რჩება ერთი ამოცანა, ეს არის საქართველოს ჩართვა საომარ მოქმედებებში, ყველაფერი დანარჩენი ინსინუაციაა.
2008 წლის ამბები გავიხსენოთ, საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ, დღეს ვინც აქციების ჩატარებას აპირებს და ხალხს მოუწოდებს, არცერთ სასამართლოს არ მიმართა და ჰააგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში იმდენად უბადრუკი მასალები შეიტანა, რომ გადმოაგდეს უკან. დამალა მტკიცებულებები. სტრასბურგის სასამართლოც ჩვენ მოვუგეთ რუსეთს და ჰააგის სასამართლოც ჩვენ მოვუგეთ რუსეთს, ჩვენ მოვიგეთ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა ეს. და ვანო მერაბიშვილი, რომელმაც სადისტურად მართა თავისი დარგი, რომელმაც სადისტურად დაარბია მიტინგი, დღეს ლაპარაკობს, თითქოს ჩვენმა პოლიციამ ძალას გადააჭარბა, როდესაც მოლოტოვის კოქტეილებით შეიარაღებული ადამიანების მიმართ გამოიყენა აბსოლუტურად შეზღუდული და ლიმიტირებული, კანონით დაშვებული ძალა, წყლის ჭავლი და სახელდახელო გაზის ბალონები“, – განუცხადა გია ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხს.
ამასთან, გია ვოლსკის განმარტებით, „ჰააგის ტრიბუნალი შექმნილია იმისთვის, რომ სამხედრო დანაშაულებები გამოიძიოს და შესაბამისი დასკვნა გააკეთოს, მაგრამ ჰააგის ტრიბუნალის გადაწყვეტილებას პოლიტიკური ნაწილიც აქვს“.
„შეუქცევადია ის პროცესი, როდესაც რუსეთი დასახელდა დამნაშავედ ამ საომარ მოქმედებებში, მისი ლიდერი დასახელდა დამნაშავედ ამ საომარი მოქმედებების დაწყებისთვის. რასაკვირველია, კონკრეტული ფაქტია შეფასებული, ეს არის უკრაინელი ბავშვების გაყვანა რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ ამას არ აქვს მარტო სამართლებირივი გამოხატულება, რასაკვირველია, ეს არის სერიოზული პოლიტიკური აქტი, ფაქტი“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეების გადაწყვეტილებით, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში ომის დანაშაულების ჩადენაშია ეჭვმიტანილი.