გია ვოლსკი - ჩვენს ინტერესშია, რომ ბელარუსმა თავისი პოზიცია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით არ შეცვალოს
გია ვოლსკი - ჩვენს ინტერესშია, რომ ბელარუსმა თავისი პოზიცია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით არ შეცვალოს

გვინდა, რომ ევროკავშირის სტანდარტი, არჩევნები იქნება ეს, თუ არჩევნების შემდგომი პერიოდი, ბელარუსმა გაითვალისწინოს. ჩვენს ინტერესებში შედის, რომ ბელარუსმა თავისი პოზიცია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით არ შეცვალოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ბელარუსში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ბელარუსი საკმაოდ რთულ ვითარებაში იმყოფებოდა, როდესაც რუსეთისგან ინტენსიური ზეწოლა ჰქონდა ოკუპირებული ტერიტორიების ცნობის საკითხთან დაკავშირებით.

ამასთან, გია ვოლსკიმ თბილისი-მინსკის  ჩარტერულ რეისზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარკვეულმა პირებმა ინფორმაცია არასწორად გაავრცელეს.

„რუსულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამთავრობო თვითმფრინავი ჩაფრინდა მინსკში, რამაც საფუძველი დაუდო ჩვენი ოპონენტების განცხადებებს, რომ რაღაც საიდუმლო რეისი შესრულდა. არაკომპეტენტურობასთან ერთად ეს მავნებლობაცაა. ჯერ ერთი, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა და მეორე, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის განმეორებითი ფაქტია. ჩვენი ელჩი, რომელიც არჩევნებამდე იყო საქართველოში, კვლავ წავიდა და ინფორმაციას ადგილიდან მოგვაწვდის. განსაკუთრებული მნიშვნელობის პროცესები მიმდინარეობს, ვინაიდან იცით, ბელარუსის პოზიცია, რომელიც ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს. საქართველო ყოველთვის მოქმედებდა პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე. იცით, რა რთულ ვითარებაში იმყოფებოდა ბელარუსი, როდესაც რუსეთისგან ინტენსიური ზეწოლა ჰქონდა ოკუპირებული ტერიტორიების ცნობის საკითხთან დაკავშირებით. ეს თემა ჩვენთვის საგანგებო მნიშვნელობისაა. მეორე თემაა ის, რომ ჩვენ ბელარუსთან ვთანამშრომლობთ ევროკავშირთან თანამშრომლობის ფორმატში. გვინდა, რომ ევროკავშირის სტანდარტი, არჩევნები იქნება ეს თუ არჩევნების შემდგომი პერიოდი, ბელარუსმა გაითვალისწინოს. ჩვენს ინტერესებში შედის, რომ ბელარუსმა თავისი პიზიცია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით არ შეცვალოს“, –  განაცხადა ვოლსკიმ.