გია ვოლსკი - გვარამიამ იცის, კარვების გაშლით შედეგს ვერ მიაღწევს, იმედი აქვს, იქნებ დაპირისპირება მოხდეს, ჭკუათმყოფელი ადამიანი არ არსებობს, ვინც მხარს დაუჭერს ქვეყნის დესტაბილიზაციას
გია ვოლსკი - გვარამიამ იცის, კარვების გაშლით შედეგს ვერ მიაღწევს, იმედი აქვს, იქნებ დაპირისპირება მოხდეს, ჭკუათმყოფელი ადამიანი არ არსებობს, ვინც მხარს დაუჭერს ქვეყნის დესტაბილიზაციას

ნიკა გვარამიას ზუსტი ინფორმაცია აქვს, რამდენი კარავი ექნება, ვინ მიჰყიდის, საიდან შემოიტანს, რა თანხით შემოიტანს და გაშლის ამ კარვებს რუსთაველის პროსპექტზე. შედეგს ვერ მიაღწევს, მაგრამ იმედი აქვს, იქნებ დაპირისპირების პროვოცირება მოხდეს, რომელიც მოიტანს დაძაბულობის ისეთ ხარისხს, როდესაც სისხლი დაიღვრება ან გარკვეული აგრესიული ქმედებები მოხდება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით განაცხადა.

„ამოცანა ერთადერთია, შედეგს ამით ვერ მიაღწევს, მაგრამ იმედი აქვს, იქნებ დაპირისპირების პროვოცირება მოხდეს, რომელიც მოიტანს დაძაბულობის ისეთ ხარისხს, როდესაც სისხლი დაიღვრება ან გარკვეული აგრესიული ქმედებები მოხდება, ისევე როგორც „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლის დროს, ამის იმედი აქვს. ჭკუათმყოფელი ადამიანი არ არსებობს – არც მათი მხარდამჭერებიდან – რომელიც მხარს დაუჭერს ქვეყნის დესტაბილიზაციას ან ეკონომიკურ დაზიანებას. მათი მთავარი ამოცანაა, საქართველო, რომელიც რეიტინგებში მოწინავეა ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით, მათ შორის, უსაფრთხოების და განვითარების ტენდენციების თვალსაზრისით, ამ მონაცემებს და ამ რეალობას უტევენ, ამ რეალობაზე განხორციელებული შეტევისგან ელოდებიან გარკვეულ შედეგებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, ეს კი ნიშნავს იმას, რომ არსებობს შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, სადაც გვარამია ერთ-ერთი მოწინავე პოზიციის მქონე ადამიანია.

„ასეთ ვითარებაში, როდესაც არჩევნები ჩატარდა, როდესაც მილიონ ორასი ათასმა ადამიანმა „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა, არჩევნების გაყალბებაზე რომ ილაპარაკოს, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია, მათ მოსაზრებებს სიღრმისეულად თუ გავაანალიზებთ, ეს ერთი საკითხია; და მეორე, იქნებ რუსული თემით გავიდნენ ფონს, მოახდინონ სახელმწიფო წყობილების შერყევა, დამხობა და მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში. ყველაზე ცუდი და ამაზრზენი ისაა, რომ ამ ომის და საერთაშორისო დაპირისპირების პირობებში ისინი თავიანთ თავს წარმოადგენენ ადამიანებად, რომლებსაც შეუძლიათ ეკონომიკურ და საომარ დაპირისპირებაში შევიდნენ რუსეთთან, საკუთარ თავს სთავაზობენ უკრაინულ მხარეს სამხედრო მოქმედებებში და ამ დაპირისპირების პროცესში მხარდამჭერად, ამისგან კი გარკვეული პოლიტიკური დივიდენდების მიღებას ელოდებიან. ყველაზე დიდი ტრაგედიაა, რაც საქართველოს ახასიათებს. მათ ჰყავთ ისეთი ადამიანები პოლიტიკურ სუბიექტებში გაერთიანებული, ვისაც უსამშობლო ადამიანები შეიძლება ვუწოდოთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.