გია ვოლსკი - პოლიტიკური სპეკულაციით შეფუთული კითხვა შეურაცხმყოფელიც კია იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელზეც სტრასბურგიდან წამების 55 საქმეა ჩამოსული
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, გულდასაწყვეტია, რომ ოპონენტების მხრიდან მთავრობის მიმართ ზოგიერთი შეკითხვა, რომელსაც საქმიანი ხასიათი აქვს, შეფუთულია პოლიტიკური სპეკულაციით.
მისივე თქმით, ასეთი სახის შეკითხვები შეურაცხმყოფელიაცაა განსაკუთრებით იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელთან დაკავშირებითაც სტრასბურგიდან 55 საქმეა ჩამოსული, სადაც მთელ რიგ ასპექტებში წამება და არაადამიანური მოპყრობა დასტურდება.
„ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ზოგიერთი შეკითხვა, რომელსაც ასე თუ ისე საქმიანი ხასიათი აქვს, შეფუთულია პოლიტიკური სპეკულაციით და შეურაცხმყოფელიც არის, განსაკუთრებით იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელზეც სულ ახლახანს დავითვალეთ და სტრასბურგიდან 55 საქმეა ჩამოსული, რომელიც ადასტურებს წამებას და არაადამიანურ მოპყრობას მთელ რიგ ასპექტებში. რა თანხაზეა საუბარი საინტერესოა, რომელიც სახელმწიფომ უნდა გადაიხადოს დღეს იმ სისხლიანი დანაშაულებებისათვის, რაც ამ პოლიტიკურმა ძალამ ჩაიდინა“,- განაცხადა ვოლსკიმ.
ამასთან, ვოლსკიმ არჩევნების პერიოდზე და დაანონსებულ ვირუსის შესაძლო მეორე ტალღის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება.
„მეორე შეკითხვა არის, არჩევნების პერიოდს უწევს გამოცხადებული შესაძლო მეორე ტალღა და წინასაარჩევნო პერიოდი, ასევე ოქტომბრის პერიოდი უნდა დაიგეგმოს, განსაკუთრებული ღონისძიებები უნდა ჩამოყალიბდეს, რომ ეს სერიოზული გამოცდა პოლიტიკურ სფეროში წარმატებით გადავლახოთ.
აქ იყო კიდევ შეკითხვა ჩვენი ოპონენტების მხრიდან, ჩვენების მხრიდანაც, როგორ გავართმევთ თავს დამკვირვებლების დიდი რაოდენობით ჩამოსვლას.
მესამე შეკითხვა არის გამოცდილებასთან დაკავშირებით, უკავშირდება წინა შეკითხვებს. რა გამოცდილებით მივდივართ, რა სისუსტეები გვიჩვენა ამ პერიოდმა, რომელიც შემოდგომაზე უნდა გავითვალისწინოთ და თუ გვქონდა ასეთი გამოცდილება გასული პერიოდიდან, ვთქვათ 2005 ან 2008 წლებიდან, რა დაგვიტოვა იმ პერიოდის მთავრობის საქმიანობის გამოცდილებამ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეპუტატებს მთავრობის მიერ გაწეული 2-თვიანი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. მთავრობის მეთაური მოგვიანებით დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.