გია ვოლსკი - გონჩარენკო თავიდანვე იყო თუნდაც რუსულ-ბელარუსული ურთიერთობების მოკავშირე, მას ვერ ავიღებთ მაგალითად, რომელიც შეიძლება, ახასიათებდეს უკრაინას და უკრაინისადმი პოლიტიკას
გონჩარენკო თავიდანვე იყო მოკავშირე თუნდაც რუსულ-ბელარუსული ურთიერთობების, გონჩარენკოს ვერ ავიღებთ მაგალითად, რომელიც შეიძლება, ახასიათებდეს უკრაინას და უკრაინისადმი, ზოგადად, პოლიტიკას, მაგრამ სკეპტიციზმი გაჩნდა და ძალიან ბევრი მედიასაშუალება ბოლო პერიოდში ინტენსიურად აშუქებს იმ მდგომარეობას, რაც სავალალოა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს არასდროს შეუცვლია უკრაინისადმი დამოკიდებულება და მას პოლიტიკურად თუ ჰუმანიტარულად ეხმარება.
„ფაქტობრივად, ევროკავშირისთვის რესურსები არის მნიშვნელოვანი, რომელსაც იგი კვლავ იღებს რუსეთის ფედერაციიდან, მათ შორის უკრაინის ტერიტორიის გავლით და საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეიქმნა ამერიკის კონგრესში, სენატში უკრაინასთან დაკავშირებით. ამ ვითარებაში საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს არასდროს არაფერი შეუცვლია, უკრაინისადმი პოლიტიკური, ჰუმანიტარული დახმარება ყოველთვის დღის წესრიგში იდგა, რაც უკრაინამ თავის დროზე არ დააფასა. მეორე ფრონტის გაუხსნელობის გამო ელჩი გაიწვიეს და კვლავ რადიკალურად მწვავე, ხისტი პოზიცია აქვთ საქართველოსთან მიმართებაში. ზოგადად, ევროპაში, მსოფლიოში შექმნილი ეს სურათი გვაფიქრებინებს, რომ სერიოზულ გადახედვას საჭიროებს ის პოლიტიკა, რომელიც გააჩნია უკრაინას საქართველოს მიმართ. ფაქტია, რომ ახალი თემები შემოვიდა უკრაინასთან მიმართებაში სამხედრო დახმარების და დაფინანსების საკითხებზე. ჩვენი პოზიცია არასდროს შეცვლილა, მყარად ვდგავართ იმ პოზიციაზე, რომელიც გვქონდა. მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, მხარს ვუჭერთ პოლიტიკურად და ჰუმანიტარულად. თუ არ გადავასწარით, მგონი, არც ჩამოვრჩებით ძალიან ბევრ ქვეყანას ჰუმანიტარული დახმარების საკითხებში“, – განაცხადა ვოლსკიმ.
უკრაინის რადას დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ სოციალურ ქსელში დაწერა: „დროა, შეცვალოთ სტრატეგია არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც“.