გია ვოლსკი - გიული ალასანიას ყველა განცხადებას სერიოზულობა აკლია, მიმართულება, რომელიც მან აარჩია, პატიმრის საუკეთესო ინტერესებისთვის არ არის
გია ვოლსკი - გიული ალასანიას ყველა განცხადებას სერიოზულობა აკლია, მიმართულება, რომელიც მან აარჩია, პატიმრის საუკეთესო ინტერესებისთვის არ არის

სააკაშვილის ოჯახის წევრების, თანაპარტიელებისა და თანამოაზრეების მობილიზაცია ერთი იდეის გარშემო ხდება, რომ როგორმე სააკაშვილი იყოს ცუდად და მისი ცუდად ყოფნა გამოიყენონ, რათა საზოგადოება დაირაზმოს და აქციები ჩაატარონ. აქციებს კი აუცილებლად რევოლუციური პროცესების განვითარება და ხელისუფლების შეცვლა მოჰყვეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარ ამოცანად რჩება იმ პროპაგანდისტულ საქმიანობასა და აქტიურობაში ჩართვა, რასაც მათ უკრაინის ხელისუფალი მოუწოდებს.

„მთავარი ამოცანა კვლავ რჩება, რომ ჩაერთონ იმ პროპაგანდისტულ საქმიანობასა და აქტიურობაში, რასაც უკრაინის ხელისუფალი მოუწოდებს. ამ პიარკამპანიას, რასაც უკრაინა აწარმოებს, მაკფოლის განცხადება და კონკრეტული ქმედებები დაემატა. მთლიანად ერთი სცენარია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამასთან, გია ვოლსკი გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას გუშინდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ყველაფერს გააკეთებს, რათა სამაგალითოდ დაისაჯონ ადამიანები, რომლებიც სააკაშვილს კოლექტიურად კლავენ.

გია ვოლსკის თქმით, გიული ალასანიას ყველა განცხადებას სერიოზულობა აკლია.

„რაც შეეხება მუქარას, რომელიც ჩვენ გავიგონეთ, ეს ჩვეულებრივი ამბავია. უბრალოდ, განსხვავება ის არის, რომ დღეს ხელთ არ აქვთ მექანიზმები იმისა, რომ მუქარა აასრულონ. გამომდინარე აქედან, მხოლოდ განცხადებების იმედად რჩებიან. გეგმა იგივე რჩება, არ შეცვლილა – ქვეყანაში ისეთი პროცესების განვითარება, რომლებიც დესტაბილიზაციას შეუწყობს ხელს. მათ შორისაა განცხადება, რომელიც გიული ალასანიამ გააკეთა, თუმცა მის ყველა განცხადებას სერიოზულობა აკლია. შეიძლება, გავუგოთ, როგორც დედას და როგორც ოჯახის წევრს, მაგრამ მიმართულება, რომელიც მან აარჩია, არ არის პატიმრის საუკეთესო ინტერესებისთვის. უნდა ურჩევდეს, დაექვემდებაროს მკურნალობას, თავი დაანებოს თვითდაზიანებას. 2024 წელს არჩევნები ჩატარდება და საზოგადოება გამოხატავს საკუთარ პოზიციას, რამდენად მართლია გიული ალასანია თუ ნებისმიერი სხვა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამასთან, როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის წამყვანი ფაქტორი, რითიც ქვეყნის დაზიანებისკენ მიმართული გეგმის შესრულება სურთ.

„გეგმაა ქვეყნის დაზიანება და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის წამყვანი ფაქტორი, რითიც ეს გეგმა უნდა შესრულდეს. სააკაშვილს გაცილებით მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი და არ შეიძლება, მისი მდგომარეობა სხვა პატიმრების მდგომარეობისგან განვასხვაოთ, დავუშვათ პრეცედენტი, როცა სამართლის, სამართლიანობის საკითხი პოლიტიკურ ჭრილში შეიძლება განვიხილოთ. ასეთი რამ არ უნდა მოხდეს. სახელმწიფო გაცილებით ძლიერ დარტყმას, ზიანს მიიღებს, თუ გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებით იქნება მიღებული გადაწყვეტილება და გაუთვალისწინებელი იქნება დანაშაულის შემადგენლობა, რომელიც ამ პიროვნებამ ჩაიდინა. სასწორზე ეს ორი ვარიანტი გვაქვს. თუ ქვეყანაში გაჩნდება შესაძლებლობა, რომ სამართლებრივი სისტემა პოლიტიკურმა კონიუქტურამ დაძლიოს, გაცილებით ტრაგიკულ შედეგებს მივიღებთ. თითქმის 500 დღეა, საუბარია იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მთელი რიგი ასპექტებიდან გამომდინარე, მაქვს საფუძველი, ვიფიქრო და ვილაპარაკო, რომ ეს არის ელემენტარული სიმულაცია, მით უმეტეს, იგი უარს აცხადებს ყოველგვარი ანალიზის გაკეთებაზე“, – განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება სააკაშვილის მოწამვლის საკითხს, გია ვოლსკის თქმით, ამაზე საუბარი აშკარაა თაღლითობაა.

„მოწამვლის თემას რაც შეეხება, რაზეც მისი გარემოცვა და თავად საუბრობს, ეს აშკარა თაღლითობაა, რომელსაც საზღვარი არ აქვს. საერთაშორისო დონეზე სწორედ ეს მიმართულებაა გატანილი. თაღლითობას სიტყვა „საერთაშორისო თაღლითობა“ უნდა დაემატოს. სააკაშვილს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემა აქვს, რომელიც, ჩემი აზრით, და როგორც ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები ამბობენ, ძირითადად გამოწვეულია მუდმივი თვითდაზიანების რეჟიმით. ისეთი დაავადება არ აქვს, რასაც ჯანდაცვის სისტემა ვერ მკურნალობს და ვერ მიხედავს“, – განაცხადა ვოლსკიმ.