გია ვოლსკი - ღამურების, ბიომასალისა და ლაბორატორიის თემა მუქარად უნდა განვიხილოთ
გია ვოლსკი - ღამურების, ბიომასალისა და ლაბორატორიის თემა მუქარად უნდა განვიხილოთ

იმდენად სულელური განცხადებაა, რომ ვერც წარმომიდგენია. საუბარი ხან ღამურებზეა, ხან თითქოს ოსი მოსახლეობის ბიომასალის მოპოვებაზე. თითქოს, გაცილებით მეტი ეთნიკური ოსი არ ცხოვრობდეს მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ღამურების, ბიომასალისა და ლაბორატორიის თემა უნდა განვიხილოთ, როგორც მუქარა.

„ეს არის ორი მოძმე ერი, უამრავი შერეული ოჯახია და ისეთი ურთიერთობებია, რომლის განვითარება არ უნდა ოკუპანტს. უმძიმეს მდგომარეობაში არიან ოსები, აფხაზები და ქართველებიც, რომლებიც საოკუპაციო ხაზის იქით აღმოჩნდნენ. ღამურების, ბიომასალისა და ლაბორატორიის თემა უნდა განვიხილოთ, როგორც მუქარა. ლუგარის ლაბორატორიის მსგავსი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც არა მხოლოდ საქართველოშია, ეს არის ის ადგილი, სადაც მეცნიერული რესურსის კონცენტრაცია ხდება. სამწუხაროდ, ისეთ მძიმე პირობებში, რასაც მსოფლიო გადაეყარა, არის უცვლელი თავისი პოზიტიური რესურსით. რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის დაინტერესება გამოხატოს საქართველოში ამ ვითარების ასარევად, თითქოს, რუსეთთან დასაპირისპირებლად, რომლის ერთ-ერთი მაჩვენებელი, თითქოს, ლუგარის ლაბორატორიაა.

ლაბორატორიაში ქართველი ექიმები მუშაობენ და ეს ლაბორატორია მზად არის, რუსეთის დელეგაცია საერთაშორისო წესით მიიღოს დასათვალიერებლად და ნებისმიერი შემოწმების ჩასატარებლად“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ე.წ. უშიშროების კომიტეტმა გუშინ გაავრცელა  ინფორმაცია, რომ „საქართველოს მოქალაქე სოფლებში, არცევსა და ღრომში იმისთვის გადავიდა, რომ ღამურები დაეჭირა და თითოეული 5000 დოლარად გაეყიდა“.

დე ფაქტო ხელისუფლება ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ „ღამურების მიმართ ინტერესი 2012 წლიდან გაჩნდა, მას შემდეგ, რაც საქართველოში ლუგარის ცენტრი გაიხსნა“.