გია ვოლსკი - გარკვეული ადამიანები და სააკაშვილი ამბობენ, რომ სწორედ მამუკა ხაზარაძე იყო, ვინც მერაბ კოსტავას, ეროვნულ გმირს პალტო შემოახია და ფიზიკურად გაუსწორდა, ამაზე გააკეთოს ჯერ განმარტება და შემდეგ ნათელ მომავალზე ილაპარაკოს
მამუკა ხაზარაძეს საქმე მაინც და მაინც კარგად არც წარსულში აქვს და ამიტომ, მომავალში იყურება. ქვეყანამ და ადამიანებმა რაღაც ეტაპი მართლაც უნდა გაიარონ, ქვეყანამ დაპირისპირება გადალახოს, მომავალ თაობას უფრო ხალისიანი გარემო უნდა შევუქმნათ, მაგრამ რეალობაა ის, რომ ის ადამიანები, ვინც ამ წარსულს ქმნიდნენ, ყველაზე ხმამაღლა ლაპარაკობენ მომავალზე. მათ შორის იყო მამუკა ხაზარაძეც, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძის განცხადებები რამდენად გულწრფელია, ეს გამოჩნდება ადამიანების იმ რაოდენობის მაჩვენებლით, რომელიც ხმას მის პარტიას მისცემს.
„მის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება, არ ვიცი, შეიძლება, ჩემ მიმართაც იყოს ასეთი. ამიტომ, მეტი საქმე უნდა გააკეთო, ვიდრე იმ ნათელ მომავალზე ილაპარაკო, რომლის შექმნისთვისაც არაფერი გაგიკეთებია. ეს მხოლოდ ხაზარაძეს არ ეხება, ვიღაცას გაუკეთებია, ვიღაცას დაუშავებია. ნებისმიერი ადამიანი ილაპარაკებს არჩევნების წინ იმაზე, რომ ქვეყნის ნათელი მომავალი არის ასაშენებელი. მამუკა ხაზარაძის განცხადებები რამდენად გულწრფელია, ეს გამოჩნდება ადამიანების იმ რაოდენობის მაჩვენებლით, რომელიც ხმას მის პარტიას მისცემს. გარკვეული ადამიანები და სააკაშვილი ამბობენ, რომ სწორედ ის იყო, ვინც მერაბ კოსტავას, ეროვნულ გმირს პალტო შემოახია და ფიზიკურად გაუსწორდა. ამასთან დაკავშირებით გააკეთოს ჯერ განმარტება და შემდეგ ნათელ მომავალზე ილაპარაკოს. თქვას, ეს ტყუილია თუ მართალია, სააკაშვილი ცოდავს, ცრუპენტელაა თუ მართალს ამბობს და ამ დანაშაულს აღიარებს? სხვათა შორის, სააკაშვილის გარდა, ბევრი სხვა ადამიანია, ვინც ამას ამბობს. ეს ერთი შემთხვევაა და ბევრი ადამიანი ამბობს იმასაც, რომ „თიბისი ბანკმა” დაჩაგრა და მას უკანონოდ მოექცა“, – განაცხადა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, კონკრეტული შემთხვევებია დასახელებული და ამ თემებს პასუხი უნდა გასცეს მამუკა ხაზარაძემ.
„ვინმეს თუ ჩემთანაც აქვს კითხვა, პასუხი უნდა გავცე, მაგრამ ნათელ მომავალზე საუბარი არის ჩვეულებრივი ამბავი, რომელსაც ნებისმიერი პოლიტიკოსი გააკეთებს, მით უმეტეს, ლაპარაკი კი იცის. მამუკა ხაზარაძის მხრიდან ადგილი აქვს გარკვეული იმიჯის მორგებას, რომ ვითომ, მომავალზე ორიენტირებული ადამიანია. რამდენად მოატყუებს საზოგადოებას, ეს არჩევნებზე გამოჩნდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.