გია ვოლსკი - გახარიას ყველა მოქმედება, მათ შორის გადადგომაც, დაემთხვა ინტერესს, რომელზეც „ნაცმოძრაობის“ ბანაკიდან ღიად საუბრობდნენ
ფაქტი, რაც ყველამ ვიხილეთ, იყო ის, რომ სწორედ იმ ორ დღეს ითხოვდა გიორგი გახარია ოპერაციის ჩასატარებლად, როდესაც სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოშლა დააანონსა „ნაცმოძრაობამ“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომელმაც ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით.
ვოლსკის თქმით, ირაკლი კობახიძე დამადასტურებელი ფაქტების თაობაზე უახლოეს პერიოდში კვლავ გააკეთებს განცხადებას, მათ შორის დაფინანსების წყაროებზე.
„ფაქტი, რაც ყველამ ვიხილეთ, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური სიმპათიებისა, იყო ის, რომ ზუსტად ის ორი დღე, როდესაც სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოშლა დააანონსა „ნაცმოძრაობამ“, სწორედ იმ ორ დღეს ითხოვდა გახარია ოპერაციის ჩასატარებლად.
ყველამ დავინახეთ, რომ ის მიზეზი, რომ რაოდენობა შემცირდებოდა ან მოდუნდებოდა ნამდვილად არ დადასტურდა, პირიქით, რაოდენობა, წინააღმდეგობა გაიზარდა, გაიზარდა ისტერიკა, რომელიც უკრაინიდან მომდინარეობდა და რასაკვირველია, ყველაფერი, ყველა მოქმედება, ყველა ნაბიჯი, მათ შორის გადადგომაც, დაემთხვა იმ ინტერესს, რომელზეც უკვე ღიად დაიწყეს საუბარი „ნაცმოძრაობის“ ბანაკიდან, ალამუთის ციხე-სიმაგრიდან“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
კითხვაზე, მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი გახარიას შესაძლო კავშირებზე არსებობს კონკრეტული ფაქტები, თუ ეჭვებს დამთხვევები აჩენს, ვოლსკიმ განაცხადა, რომ „დამთხვევაც არის და დამთხვევაც“.
„როდესაც სახელმწიფოს სტაბილურობა და საზოგადოების უსაფრთხოება დგას დღის წესრიგში, ამას დამთხვევას ნამდვილად ვერ დავარქმევ. რაც შეეხება მეტ დამადასტურებელ ფაქტებს და გარემოებებს, ამის თაობაზე ირაკლიმ თქვა, რომ ექნება დამატებითი კომენტარები“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისივე თქმით, გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ეჭვები დღეს არ გაჩენილა.
„ეგეთი აზრი დღეს არ გაჩნდა. წინასაარჩევნო პერიოდში ვართ სულ. ეგეთი აზრი გაჩნდა მაშინვე, ასეთი გააფთრებული მოთხოვნის შემდეგ, რომ აუცილებლად მოხსნოდა მელიას იმუნიტეტი და ამის შემდეგ, რადიკალური ცვლილება იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის დამოკიდებულებაში. ამ საკითხის მიმართ, რასაკვირველია, საკმაოდ სოლიდური საფუძველია, რათა გაჩნდეს და გამყარდეს მოსაზრებები, რაზეც ირაკლი კობახიძემ ისაუბრა“, – განაცხადა ვოლსკიმ.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, საკითხზე მმართველ გუნდში ერთიანი პოზიციაა.
„გუნდში პოზიცია არის ერთი. არ მგონია, სხვა სურათი იშლებოდეს ნებისმიერ ჟურნალისტის თუ მოქალაქის თვალწინ. საკმაოდ დაძაბული სიტუაცია იყო, როდესაც დაანონსებული იყო პირდაპირ, რომ სახელმწიფო აღარ არსებობს და მელია არის მთავარი, ვინც ქმნის სახელმწიფოში კანონებს და სააკაშვილი, ვინც მართვას პოლიტიკურ სიტუაციას, ეს ყველამ დავინახეთ, ამას მოჰყვა კონკრეტული მოქმედებები. რასაკვირველია, გუნდში აქვთ თავისი დამოკიდებულება პრინციპული, კატეგორიული, მიუღებელი ამ საკითხის მიმართ და საზოგადოებაც აშკარად ხედავს, რომ ეს მოხდა, მათ შორის გახარიას, როგორც პოლიტიკური ძალის მხარდამჭერებიც, ეს ფაქტია და ამ ფაქტის იქით, როცა პოლიტიკურ გუნდზე გაქვთ საუბარი, ნუ გუნდში ერთიანი აზრი არსებობს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ 17 თებერვალს, გიორგი გახარიას გადადგომამდე ერთი დღით ადრე, კიევიდან მიიღეს ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმასთან დაკავშირებით ალტერნატიული მთავრობის ფორმირებისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში სარფიდან შემოსვლის შესახებ. როგორც კობახიძემ აღნიშნა, გიორგი გახარია, მათთვის სრულიად გაუგებარი მოტივით, ნიკა მელიას დაკავების ოპერაციის ორი-სამი დღით გადადებას ითხოვდა, რის შემდეგაც, მმართველ გუნდს მაშინდელ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით ეჭვები გაუჩნდა და კიევიდან მიღებული ინფორმაცია არ გაანდეს.