გია ვოლსკი - გახარიას შეუერთდა ადამიანი, რომელიც გუშინწინ მის გასამართლებას ითხოვდა, სასაცილო ამბები ხდება და მართალი გითხრათ, ცოტა სამარცხვინოცაა გარეშე მეთვალყურის წინაშე
გახარიას შეუერთდა ადამიანი, რომელიც გუშინწინ მის გასამართლებას ითხოვდა, სასაცილო ამბები ხდება და მართალი გითხრათ, ცოტა სამარცხვინოცაა გარეშე მეთვალყურის წინაშე, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, გადაჯგუფება ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ოპოზიციაში ბევრი სუბიექტი არსებობს.
„მგონია, ეს ადამიანები ამ გადაჯგუფებებით ერთობიან. ალეკო ელისაშვილი მევახშეს უწოდებს ხაზარაძეს. ხაზარაძე ეუბნება, რომ ხელს არ ჩამოართმევს, ვინაიდან უნამუსო ადამიანი ხარო. დღეს არათუ ხელი ჩამოართვეს, ეს ხელის ჩამორთმევა ირაკლი კობახიძეს დააყვედრეს, ნახეთ, ხელს ვართმევთ ერთმანეთსო. სასაცილო ამბები ხდება. ადამიანი, რომელიც გუშინ აგინებდა „ნაცმოძრაობას“ იმის გამო, რომ დემოკრატიის პრინციპებს უღალატა, „ნაცმოძრაობაში“ გაწევრიანდა. ანა დოლიძე, რომელიც საერთოდ სოციალისტურ პრინციპებს ქადაგებდა და ბანკების წინააღმდეგ გამოდიოდა, დღეს ჩაფლულია ამაში. გახარიას შეუერთდა ადამიანი, რომელიც მის გასამართლებას ითხოვდა გუშინწინ.
ეს ცირკი არის ადამიანებისათვის, რათა ბევრი შეკითხვა დაისვას და ისეთი შთაბეჭდილება შეექმნათ სიტუაციაში ნაკლებად გარკვეულ პირებს, თუნდაც ბორელს, თითქოს ბევრი სუბიექტი არსებობს. ერთი კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“ და ცალკე – გახარია, რომელიც „ნაცმოძრაობას“ გადაეფარა მაშინ, როდესაც პრინციპული მომენტი იდგა საქართველოს უსაფრთხოებისათვის და გადააჭარბა „ნაცმოძრაობის“ ყველა წარმომადგენელს, როგორც სალომე ზურაბიშვილი, საერთოდ, მებაირაღე გახდა. ეს კინო მიმდინარეობს და მართალი გითხრათ, ცოტა სამარცხვინოცაა გარეშე მეთვალყურის წინაშე“, – აღნიშნა ვოლსკიმ.