გია ვოლსკი - გახარია „ლელოზე“ ამბობს, რომ უნდა, „ნაცმოძრაობის“ კლანს გამოჰგლიჯოს, „ლელო“ ამბობს, განმარტებები უნდა მოგვცეს 20 ივნისზეო, ამაზე მეტი უმსგავსობა რეჟისორსაც არ ექნება ფილმში აღწერილი
გახარია „ლელოზე“ ამბობს, რომ „ნაცმოძრაობის“ კლანს უნდა გამოჰგლიჯოს, „ლელო“ ამბობს, განმარტებები უნდა მოგვცეს 20 ივნისთან დაკავშირებითო, ამაზე მეტი უმსგავსობა რეჟისორსაც კი არ ექნება აღწერილი ფილმში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის „ლელოსა“ და პარტია „საქართველოსთვის“ გაერთიანების საკითხზე დაუსვეს კითხვა.
„გიორგი გახარიამ „ნაცმოძრაობასთან“კოალიცია უკვე შექმნა – სააკაშვილს გაუხსნა გზა. მისი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზი იყო, რომ დესტაბილიზაცია გამოეწვია საქართველოში და პროცესი განევითარებინა. მით უმეტეს, მელიას მხრიდან კანონის აშკარა დარღვევა იყო. ზოგიერთ საკრებულოში მათი თანამშრომლობა აშკარაა. გახარია „ლელოზე“ ამბობს, რომ „ნაცმოძრაობის“ კლანს უნდა გამოჰგლიჯოს და გადაარჩინოს. „ლელო“ ამბობს, განმარტებები უნდა მოგვცე 20 ივნისთან დაკავშირებითო. ისინი თვალთხარიას ეძახდნენ. ვერც წარმომიდგენია ამაზე მეტი უტიფრობა, უმსგავსობა და ბოროტი კომედიის ჟანრი რეჟისორსაც კი ჰქონდეს ფილმში აღწერილი, ასეთი რამ არ არსებობს. ვფიქრობ, ამ ძალების გათამაშება და გადალაგება სწორედ იმიტომ ხდება, რომ ახალგაზრდების ზურგზე კარგად მოირგონ ადგილი, შემოახტნენ და მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში, თუმცა არ მგონია, წარმატება ჰქონდეთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
„ლელო“, ანა დოლიძე და „თავისუფლების მოედანი“ გაერთიანდნენ. ამასთან, პარტიასთან „საქართველოსთვის“ გაერთიანების საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა: „მე ვარ ქრისტიანი, შემიძლია, ვაპატიო ადამიანებს, არის ოთხი კითხვა, რომელსაც უნდა უპასუხოს გიორგი გახარიამ, შემდეგ მზად ვარ, მას დაველაპარაკო“.