გია ვოლსკი - გააფთრებული შეტევა მოთხოვნით, გაუქმდეს მანდატები, რომლებსაც ისედაც არ იყენებენ, სხვა შესაძლო გეგმაზე მიუთითებს, საჭიროა მსჯელობა და არა ხელაღებით იმ გზაზე გაყოლა, რომელიც ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს
საჭიროა მსჯელობა და არა ხელაღებით იმ გზაზე გაყოლა, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს ცუდ შედეგებამდე, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომლითაც უპასუხა კითხვას, „დააკმაყოფილებთ თუ არა მანდატების გაუქმების თაობაზე ოპოზიციის მოთხოვნას“.
ვოლსკი მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით სიღრმისეული ანალიზია საჭირო და არა ემოციური გადაწყვეტილება.
„რასაკვირველია პრობლემაა, როდესაც პარლამენტში მხოლოდ ორი პოლიტიკური პარტია იმყოფება და რაოდენობრივადაც დისბალანსი აშკარად იგრძნობა, მაგრამ არის მეორე საგანგებო მნიშვნელობის საკითხი – ეს არის ქვეყნის ინტერესები. ან უნდა წაყვე იმ გზას, რასაც ჰქვია სიტუაციის დანგრევა და მოახდინო ქვეყანაში დესტაბილიზაცია, აყვე მავნებლურ პოლიტიკას, ანდა უნდა იზრუნო ქვეყნის გადარჩენისთვის, სამშვიდობოზე გაყვანისთვის და გააგრძელო მუშაობა.
რაც შეეხება საპარლამენტო მანდატებს, თავად ეს გააფთრებული შეტევა იმ მოთხოვნით, რომ გაუქმდეს მანდატები, რომლებსაც ისედაც არ იყენებენ, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ აქ სხვა გეგმა შეიძლება იყოს ჩადებული, რომ საერთაშორისო პარტნიორების წინაშე იმ რთულ ვითარებაში, რომელშიც ისინი ჩავარდნენ, ჰქონდეთ რაღაცა ხელშესახები არგუმენტი, რომ არიან უფლებააყრილნი, იმ შემთხვევაშიც კი თუკი საგანგებო ვითარება შეიქმნა ქვეყანაში და ყველა პარტიის ჩართულობა გახდა აუცილებელი, რასაც საგარეო, თუნდაც საშინაო ვითარება ნამდვილად არ გამორიცხავს, ეს ეჭვები არსებობს, კითხვები არსებობს და პასუხის გაცემა სჭირდება. ასე რომ, მსჯელობაა საჭირო და არა ხელაღებით იმ გზაზე გაყოლა, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს ცუდ შედეგებამდე, სააკაშვილის გზა არ ვარგა და თუკი ამ გზის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი ისიც არის, როგორმე ჩამოსცილდნენ პასუხისმგებლობას და უფრო უკეთესად განავითარონ დესტრუქციული პროცესები, რასაკვირველია, ამას სჭირდება სიღრმისეული ანალიზი და არა ემოციური გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.