გია ვოლსკი - კანონმდებლობაში არ არსებობს ფორმულა, რომ თავდებობა წარმოადგენს პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანის საფუძველს
გია ვოლსკი - კანონმდებლობაში არ არსებობს ფორმულა, რომ თავდებობა წარმოადგენს პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანის საფუძველს

სააკაშვილის მიმართ ბიძგი, რომ მან მკურნალობა არ მიიღოს, არის ინტენსიური და ზუსტად იმ სტრატეგიას, პოლიტიკას იმეორებს, რაც მისი შიმშილობის დროს „ნაცმოძრაობას“ ჰქონდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილს უნდა მოუწოდონ, რომ სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება მიიღოს.

„ადამიანს რა დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეს ჩადენილი, მის ჯანმრთელობას უნდა მიხედო, მით უმეტეს, მისი სიცოცხლე არ უნდა დააყენო საფრთხის ქვეშ. მიხეილ სააკაშვილს ყოველდღე მოუწოდებდნენ, შიმშილობა არ შეეწყვიტა ლეტალური შედეგიც რომ დამდგარიყო. ანუ, სიცოცხლის ფასად შეესრულებინა მისი ე.წ. მისია. მის მიმართ მოწოდებებს ინტენსიური ხასიათი ჰქონდა, საზოგადოებისთვის მისი ავტორებიც ცნობილი იყო. რასაკვირველია, ეს ყველაფერი გარკვეულ პოლიტიკურ მიზნებზე იყო ორიენტირებული. დღესაც იგივე სიტუაციაა – ვინც მართავს აქციებს, არც ერთისგან მის მიმართ არ ისმის მოწოდება, რომ მიხეილ სააკაშვილმა სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება მიიღოს. ყველა ამბობს, რომ გაყვანა აუცილებელია, რადგან მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა შერყეულია იმის გამო, რომ თავი არ მიაჩნია დამნაშავედ. ეს არის, რისკენაც მოგვიწოდებენ. არც ერთი ექიმი იმის გარდა, რომ ეს ადამიანი „პოლიტიკური პატიმარია“, განცხადებას არ აკეთებს. ისინი არც ინტერესდებიან, რა სახის მკურნალობას სთავაზობენ და ვერც იმას ახასიათებენ, ამ მკურნალობის ხარისხი საკმარისია თუ – არა. ვერც იმ შედეგებს ახასიათებენ, მკურნალობაზე უარის თქმამ, რა შეიძლება, მოიტანოს. ანუ, სააკაშვილის მიმართ ბიძგი, რომ მან მკურნალობა არ მიიღოს, არის ინტენსიური და ზუსტად იმ სტრატეგიას, პოლიტიკას იმეორებს, რაც მისი შიმშილობის დროს „ნაცმოძრაობას“ ჰქონდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გია ვოლსკიმ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ სააკაშვილის თავდებობაზეც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, მთავარი ამოცანაა სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანა და მისი ჯანმრთელობა არავის აინტერესებს.

როგორც გია ვოლსკი ამბობს, მოცემულ შემთხვევაში, თავდებობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

„რაც შეეხება თავდებობას, მთავარი ამოცანაა სააკაშვილის გაყვანა, მისი ჯანმრთელობა არავის აინტერესებს. ჯანმრთელობის შერყევა ერთადერთ მექანიზმად აქვთ გამოყენებული, რომ მთავარი მისია შეასრულონ – როგორმე სააკაშვილი საზღვარგარეთ გაიყვანონ. ეს იმის მიუხედავად, რომ სამედიცინო თვალსაზრისით, ამის საფუძველი არ არსებობს. საფუძველი სამართლებრივადაც არ არსებობს, რადგან ფორმულა, რომ თავდებობა წარმოადგენს პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანის საფუძველს, კანონმდებლობაში არ არსებობს. მათი ერთ-ერთი სტრატეგიული გეგმა და ამოცანა საზოგადოებისთვის დეზინფორმაციის მიწოდებაა“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.