გია ვოლსკი - „ფეა თრიიზის“ მიერ პროექტის გაჩერება გაუგებარია, ბადებს ეჭვს, რომ წინასაარჩევნოდ ჰქონდათ მობილიზებული რესურსები, რათა შემდეგ „ლელოს“ საარჩევნო პროგრამაში გამოეყენებინა
„ფეა თრიიზის“ მიერ პროექტის გაჩერება ბადებს ეჭვს, რომ წინასაარჩევნოდ ჰქონდათ მობილიზებული რესურსები, რათა შემდეგ „ლელოს“ საარჩევნო პროგრამაში გამოეყენებინა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, პროგრამის შეჩერება გაუგებარია.
„ბორდში, სადაც ბადრი ჯაფარიძეა, ადამიანთა ჯგუფია, რომლებიც სერიოზულ ბიზნესს აკეთებენ საქართველოში, კერძოდ, ფიჭვის უნიკალური გირჩი გააქვთ ექსპორტზე და აქედან დიდი შემოსავალი აქვთ, ამ შემოსავლიდან რაიმე ნაწილს სოციალურ პროგრამასაც თუ მოახმარენ, იქნება სტანდარტი, რაც ევროპას უნდა ახასიათებდეს. ამ მხარისა და კუთხის საშუალებით სერიოზულ ფულს როცა შოულობ, ქველმოქმედება ნორმალური გადაწყვეტილებაა.
ამის გაჩერება ბადებს ეჭვს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში რაღაც რესურსების მობილიზება ჰქონდა, რათა შემდეგ „ლელოს“ თავის საარჩევნო პროგრამაში გამოეყენებინა. არ ვამბობ, რომ ასეა, მაგრამ ეჭვებს ბადებს. პროგრამის შეჩერება გაუგებარია. კანონის სათაურთან თუ აქვთ პრეტენზია, „ლელოს“ თავიდანვე შეეძლო ეს ეთქვა. გავლენა მხოლოდ უარყოფითი არ არის, რატომ განიხილავენ უარყოფითად? შესანიშნავი მაგალითი იქნებოდა, რომ უცხოური გავლენით კეთდება ასეთი მშვენიერი საქმე. პოლიკლინიკას მუნიციპალიტეტი დაასრულებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ონის მუნიციპალიტეტის მერიამ ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის პროექტთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა. ონის მერიაში აღნიშნეს, რომ ფონდმა „ფეა თრიიზმა“ გამოგონილი საბაბით უარი თქვა ერთადერთი ვალდებულების შესრულებაზე, რომელიც მხოლოდ პროფესიული მომსახურების გაწევას გულისხმობდა, რაც პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებაა. ონის მერიაში განმარტეს, რომ ფონდის იდეა მოიცავდა მხოლოდ სტომატოლოგიური მომსახურების გაწევას, რისთვის საჭირო სივრცის კეთილმოწყობა და შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა მერიამ უზრუნველყო. ონის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ კლინიკის გახსნის პროექტის შეჩერებაზე ფონდის მხრიდან საუბარი იაფფასიანი სპეკულაციაა. მათივე განმარტებით, პროექტის შეფერხების საფრთხე არ არსებობს და ის სრულად ონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსდება.