გია ვოლსკი - ფაქტია, რომ რეგიონს ნამდვილად სჭირდება ჰაბი, ფორმატი, სადაც საქართველო საგანგებო როლს შეასრულებს, რადგან ეს რეგიონი არის საგანგებო მნიშვნელობის მსოფლიოსთვის
ფაქტია, რომ რეგიონს ნამდვილად სჭირდება ჰაბი, ფორმატი, სადაც საქართველო საგანგებო როლს შეასრულებს, ვინაიდან თავად ეს რეგიონი არის საგანგებო მნიშვნელობის მთელი მსოფლიოსთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გაერო-ში გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.
როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, საქართველოს არ აქვს ისეთი პოზიცია, რომ პრემიერ-მინისტრმა დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ ისაუბროს საქართველოს საგანგებო მნიშვნელობაზე.
„ყველამ იცის, გეოპოლიტიკური მნიშვნელობა საქართველოსი და საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო პროცესებში ჩვეულებრივ ამბად იქცა. როდესაც პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი საუბრობს, საუბრობს იმ ქვეყნის სახელი, რომელიც არის პარტნიორი და რომელმაც არაერთხელ გამოიჩინა თავი რეგიონალური თუ საერთაშორისო პრობლემების მოგვარების საქმეში, ფაქტებს აღარ ჩამოვთვლი. ფაქტია, რომ რეგიონს ნამდვილად სჭირდება ჰაბი, ფორმატი, სადაც საქართველო საგანგებო როლს შეასრულებს, ვინაიდან, თავად ეს რეგიონი არის საგანგებოდ მნიშვნელობის მთელი მსოფლიოსათვის. არამარტო სამხრეთ კავკასიაზე აქ საუბარი, საერთოდ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების თემა არის ის, რაც გვაინტერესებს ჩვენ, მაგრამ რასაკვირველია, ჩვენ მარტო არ ვართ. აინტერესებს მსოფლიოს აინტერესებს პარტნიორ ქვეყნებს და აქ შექმნილი ვითარება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მთელ მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე. ვითარება რთულია, დაძაბულობა პიკს აღწევს ზოგიერთ რეგიონში განსაკუთრებით. სულ ახლახანს საკმაოდ მძიმე საომარი მოქმედებები გადაიტანა სამხრეთ კავკასიის რეგიონმაც. აქაც საქართველოს პოზიცია ყველასთვის ნათელია, არის გარკვეულწილად შევსებული კონკრეტული ქმედებებით, რაც მომავალში გასათვალისწინებელი და შეიძლება სამაგალითოც იყოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის მონაწილეებს გუშინ მიმართა.
გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა: „ჩვენი მიზანია მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა მთელ რეგიონში. სამხრეთ კავკასიაში გთავაზობთ „სამეზობლოს მშვიდობიან ინიციატივას“ ჩვენი რეგიონის სტაბილურობის ხელშესაწყობად“.