გია ვოლსკი - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში თავად სააკაშვილი აწერს ხელს, რომ ომი საქართველომ დაიწყო, მერაბიშვილი ვინმეს თუ რამეს ეუბნებოდა, ეს გასაკვირი არ არის
გია ვოლსკი - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში თავად სააკაშვილი აწერს ხელს, რომ ომი საქართველომ დაიწყო, მერაბიშვილი ვინმეს თუ რამეს ეუბნებოდა, ეს გასაკვირი არ არის

პარტია „ნაცმოძრაობაში“ ვანო მერაბიშვილის გააქტიურების საკითხი დროის ფაქტორი იყო. ადრე თუ გვიან უნდა გამოჩენილიყო ასპარეზზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„როგორც ჩანს, მერაბიშვილმა ჩათვალა, რომ ახლა არის მომენტი, როცა ხაზი უნდა გაუსვას „ნაცმოძრაობის“ ერთმა ფრთამ, რომ როგორც ამ ქვეყანას მართავდნენ, ის მოთხოვნა იყო, რაც, მათი გაგებით, საქართველოს სჭირდებოდა. ვანო მერაბიშვილი იყო სადისტური მმართველობის ერთ-ერთი შემოქმედი და სწორედ ის უნდა წარმოადგენდეს „ნაცმოძრაობას“ ფოთში იქნება თუ სხვაგან. მათ აირჩიეს ხაბეიშვილი, რათა სათავეში ჩაუდგეს „ნაცმოძრაობას“. რასაკვირველია, ეს გადაწყვეტილება გარკვეულ ლოგიკას ექვემდებარება, რადგან ხაბეიშვილი ის ფიგურა უნდა იყოს, ვის უკანაც იდგებიან ადამიანები, რომლებიც რეალურად მართავენ სიტუაციას – სადისტური რეჟიმის შემოქმედი ვანო მერაბიშვილი და ომის შემდეგ გამდიდრებული, გაურკვეველი ფინანსური რესურსების მქონე პირი, დავით კეზერაშვილი. ეს ადამიანი გასამართლებულია ქართული ჯარის ძარცვისთვის“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ამასთან, რაც შეეხება გიორგი რურუას დღევანდელ განცხადებას, სადაც რურუამ აღნიშნა: „უცხოელ პარტნიორებთან პირად საუბრებში მერაბიშვილი სააკაშვილს აბრალებდა ომის დაწყებას, დიდი ეჭვი არსებობს მისი და რუსული სპეცსამსახურების ურთიერთობის შესახებ“, გია ვოლსკიმ განაცხადა:

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში, დელეგაციის საშუალებით, თავად სააკაშვილი აწერს ხელს, რომ ომი საქართველომ დაიწყო და, სულ მცირე, ქართველი ჯარისკაცები იყვნენ დამნაშავეები საომარი მოქმედებების განვითარებაში. ამის თაობაზე მერაბიშვილი ლაპარაკობდა თუ სხვა მაღალჩინოსანი, რომელიც იმ პერიოდში სააკაშვილის გარშემო ტრიალებდა და მაღალი თანამდებობა ეკავა, ამ საკითხის გაანალიზება შეიძლება, მაგრამ ვინმეს თუ რაიმეს ეუბნებოდა მერაბიშვილი, ეს გასაკვირი არ არის. მთელი ეს სისტემა აწყობილი იყო თავის გადარჩენის იმ მექანიზმზე, რაც გულისხმობდა რუსეთის მიმართ სერიოზულ დათმობებს – მოლაპარაკებების ფორმატების გაუქმებას, სტრატეგიული ობიექტების გადაცემას, დანაშაულებრივი შეცდომების დაშვებას და შემდეგ – აღიარებას. სტრასბურგის სასამართლოში გავიმარჯვეთ და ამან ყველაფერს წერტილი დაუსვა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვინ როგორ მტრობდა ერთმანეთს, ამაზე დასკვნას თავად საზოგადოება გააკეთებს. ჟორიკა რურუამ ვანო მერაბიშვილზე რა თქვა, ამაზე კომენტარი მე რატომ ვაკეთო?“