გია ვოლსკი - ევროპარლამენტის რეზოლუციას განვიხილავთ ანტიქართულ რეზოლუციად, რომელიც პოლიტიკურად არის ანგაჟირებული
საქართველოს მხრიდან ეკონომიკური სანქცია რუსეთისთვის არაფერს წარმოადგენს, მაგრამ საქართველოსთვის ეს იქნება ეკონომიკურად დამანგრეველი ეფექტის. უფრო მეტიც, აუცილებლად გამოიწვევს გარკვეულ დაპირისპირებას, რომელიც ადვილად შეიძლება გადაიზარდოს სამხედრო დაპირისპირებაში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ევროპარლამენტის რეზოლუციას განიხილავს როგორც ანტიქართულ რეზოლუციას.
„მთელი რიგი ევროპული ქვეყნები გაცილებით ინტენსიურად და დიდი მასშტაბით ვაჭრობენ რუსეთის ფედერაციასთან, ენერგორესურსები იქნება თუ სხვა. მაგალითად, ლიეტუვა საქართველოზე მეტ ღვინოს აწვდის რუსეთს, რაც საკვირველია ნამდვილად, მაგრამ რატომღაც საქართველოს მიმართ არის ეს მოთხოვნა. კარგად გვესმის, რომ მსოფლიო დაპირისპირებების პირობებში, საქართველოსადმი რუსეთის აგრესია გარკვეულ რესურსს შეუქმნის ამ საომარი მოქმედებების, დაპირისპირებული მხარეების ერთ ფრთას, მაგრამ საქართველოსთვის დამღუპველი აღმოჩნდება. საქართველოს მხრიდან ეკონომიკური სანქცია რუსეთისთვის არაფერს წარმოადგენს, მიზერია მთლიან მის ეკონომიკაში, მაგრამ საქართველოსთვის იქნება ეკონომიკურად დამანგრეველი ეფექტის მქონე. უფრო მეტიც, ეს აუცილებლად გამოიწვევს გარკვეულ დაპირისპირებას, რომელიც ადვილად შეიძლება გადაიზარდოს სამხედრო დაპირისპირებაში. ასე რომ, ჩვენ ამ რეზოლუციას განვიხილავთ, როგორც ანტიქართულ რეზოლუციას, არა მთავრობის საწინააღმდეგოს, არამედ ანტიქართულ რეზოლუციას, რომელსაც ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტები მხარს უჭერენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.
გია ვოლსკის განმარტებით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში არის კიდევ სხვა პუნქტებიც, რომლებიც არ შეესაბამება იმ რეალობას, რაც აღწერილია ევროსაბჭოს კვლევებში, სადაც საქართველო მოწინავე პოზიციებზეა ყველა მიმართულებით, ადამიანის უფლებებიდან დაწყებული, ეკონომიკური, თუ მართვის სხვა მაჩვენებლებით.
„ვფიქრობ, რეზოლუცია პოლიტიკურად არის ანგაჟირებული, მაგრამ არსებობს საკმაოდ მომძლავრებული ხმა, რომელიც იცავს საქართველოს, იცავს მის პოზიციას ყველა მიმართულებით და რასაკვირველია მისასალმებელია. არჩევნების წინ ასეთი რეზოლუციის მიღება წარმოადგენს არა მარტო შიდა საკითხებში ჩარევას, არამედ დაუოკებელ სურვილს, როგორმე საქართველოში შეიქმნას ისეთი ვითარება, რომ განვითარება მიეცეს იდეას საომარ თუ ეკონომიკური ბრძოლის პროცესებში ჩართვის შესახებ. უკვე მეოთხე რეზოლუციაა მიღებული უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ.
ამ იდეის მატარებელი ევროკავშირში, სამწუხაროდ, ბევრია და ისინი წარმოადგენენ „ნაცმოძრაობის“ ფილიალს. ეს ახალი არ არის, ჩვენ არ გვიკვირს, საკმაოდ სიღრმისეულად, პრაგმატულად ვაანალიზებთ სიტუაციას. როცა ვამბობთ, რომ ეს არის შიდა საქმეებში ჩარევა, არ არის მხოლოდ შეფასებითი ნაწილი, ეს ნიშნავს კიდევ ერთხელ მოწოდებას ჩვენი საზოგადოებისადმი, ამომრჩევლისადმი, რომ მხარი დაუჭირონ საქართველოს სუვერენიტეტს, მის სტაბილურობას და იმ პოლიტიკას, რასაც ჰქვია სამშვიდობო პროცესის განვითარების პოლიტიკა. არავისთვის ახალი არ არის, რომ სააკაშვილი არის ის ადამიანი, ვინც დანერგა სადისტური მართვის სისტემა, გესტაპოს მეთოდები არის სააკაშვილის შემოქმედების ნაწილი, გარდა ამისა ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვა სწორედ მისი უჭკუო და მოღალატეობრივი პოლიტიკით არის განპირობებული. ასე რომ, სააკაშვილის მიმართ ასეთი პოლიტიკა უკვე არაობიექტურობაზე, მიკერძოებაზე მეტყველებს. გარდა ამისა, ჩვენ გვახსოვს, იყო მხარდაჭერა მედიამენეჯერად მოხსენიებული კეზერაშვილის, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დატაცებული ფულით გახდა მილიონერი. რასაკვირველია, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნაც სწორედ იმ კატეგორიას განეკუთვნება, რასაც ჰქვია შეთქმულება საქართველოს წინააღდეგ. ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში მოსვლის დღიდან არცერთხელ არ გადაუდგამს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ რაიმე ნაბიჯი და არც საგარეო კურსის შეცვლა გვქონია ჩვენ. არ გადაუდგამს ისეთი ნაბიჯი, რომელიც რუსულ ინტერესებს ეხმარება საქართველოში, სამხრეთ კავკასიაში, განსხვავებით იმ ხელისუფლებისგან, რომელიც 2012 წლამდე საქართველოში საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდა“, – განაცხადა ვოლსკიმ.