პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ევროკავშირის მხრიდან ძალიან კარგი განცხადება გაკეთდა. როგორც ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ განუცხადა, დაკვირვება და მონიტორინგი არის ის, რაც დღეს, ქვეყანას აუცილებლად სჭირდება.
„არ შეიძლება, თუნდაც ჩემი პარტია ასი პროცენტით მართალი მეგონოს და ქართულ საზოგადოებას სხვა აზრის მოსმენის საშუალება არ ჰქონდეს. თუ პროცესს დააკვირდებიან, მონიტორინგს გაუწევენ და შესაბამისს შეფასებას მისცემენ, ეს რეჟიმი ჩვენთვისაც მოსახერხებელია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური გიგი უგულავას დაკავებას გამოეხმაურა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირი ყურადღებით სწავლობს ოპოზიციის ლიდერის, გიგი უგულავას წინააღმდეგ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ბოლო განაჩენს. ამასთან განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი განაგრძობს საქართველოში მაღალი ინტერესის მქონე საქმესთან დაკავშირებული სხვა სასამართლო პროცესების მონიტორინგს.