გია ვოლსკი - ევროკავშირის ფინანსური დახმარება პოლიტიკური მიმართულებით მნიშვნელოვანი გზავნილია
გია ვოლსკი - ევროკავშირის ფინანსური დახმარება პოლიტიკური მიმართულებით მნიშვნელოვანი გზავნილია

ევროკავშირის ფინანსური დახმარება პოლიტიკური მიმართულებით მნიშვნელოვანი გზავნილია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, ევროკავშირი ქვეყანას 4 მლრდ ევროს გამოუყოფს.

„სწორედ ამას „დაემთხვა“ ძალიან ბევრი მოქმედება, რაც იყო დაკავშირებული თუნდაც ძალადობასთან, აქციის ჩატარებასთან მაშინ, როცა საქართველოში ამ აქციის ჩატარების წინაპირობა არ არსებობს, ეკლესიაზე შეტევა და მთელი რიგი დაგეგმილი, კარგად ორგანიზებული პროვოკაციები. მათ შორის სპონტანური პროვოკაციებიც. ფაქტია, რომ ევროკავშირმა ადვილად გაშიფრა ეს ჩანაფიქრი და საშუალება არ მისცა რუსეთის ფედერაციას თავისი სტრატეგიული გეგმა განახორციელოს საქართველოში. დესტაბილიზაციის გეგმა არის სწორედ საოკუპაციო ძალის ინტერესებში და ამის განვითარება სხვა არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ უნდა აინტერესებდეს. ფაქტია, რომ ამ გეგმას ფეხდაფეხ მიჰყვება „ნაციონალური მოძრაობა“. ევროკავშირის ფინანსური დახმარება პოლიტიკური მიმართულებით მნიშვნელოვანი გზავნილია. საქართველო არის ევროკავშირის ასოცირებული წევრი, ღირსეული წევრი იმ ცივილიზებული სამყაროსი, რომელზეც თავის დროზე პრეტენზია გამოაცხადა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მაგრამ ერთადერთი რასაც მიაღწია, სადისტურ მმართველობაში ჰქონდა წარმატება. ეს არის პოლიტიკური გზავნილი ყველასთვის, რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ქვეყნისთვის და არა პოლიტიკური ინტერესებისთვის. ევროკავშირი ამის მაგალითს გვაჩვენებს და სამწუხაროდ, ბევრ პოლიტიკურ ძალას ამის შეგნება არ გააჩნია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.