გია ვოლსკი - ერთმანეთის მიმართ ცინიკურად საუბრობენ თუ ნიშნის მოგებით, ნამუსის შენახვით თუ ნამუსის შეუნახავად, საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია, აშკარაა, რომ „ნაცმოძრაობა“ გაღატაკებულია
ერთმანეთის მიმართ ცინიკურად საუბრობენ თუ ნიშნის მოგებით, ნამუსის შენახვით თუ ნამუსის შეუნახავად, საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია. აშკარად ჩანს, რომ „ნაცმოძრაობა“ არის გაღატაკებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკი გამოეხმაურა ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში ნიკა მელიას გუშინდელ განცხადებას, სადაც მელია ამბობს: „ადამიანებს, ნაცვლად იმისა, რომ წვლილი შეეტანათ კონსოლიდაციასა და პარტიის გაერთიანებაში, სხვა ინტერესები ამოძრავებდათ და ნამუსი ძალიან ბევრს შევუნახე“.
გია ვოლსკის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ჩამოყალიბდა, როგორც დესტაბილიზაციის მსურველი გუნდი.
„არ არის პოზიტიური, რომ საქართველოში არსებობს ყველაზე მრავალრიცხოვანი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, რომელიც ორიენტირებულია, როგორ დააზიანოს თავისი ქვეყანა. დაზიანებაში ერთმანეთს ეჯიბრებიან. ვერ შეარჩიეს ადამიანი, რომელსაც გარკვეული ინტელექტუალური რესურსი აქვს ნებისმიერ საკითხზე მსჯელობისას, რომელიც ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება, იქნება ეს საგარეო პოლიტიკა თუ ეკონომიკა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ასეთი ლიდერი არ არსებობს და ეს არის მიზეზი, რატომაც ჭიანურდება პარტიაში არჩევნები. „ნაცმოძრაობაში“ ერთმანეთის მიმართ ცინიკურად საუბრობენ თუ ნიშნის მოგებით, ნამუსის შენახვით თუ ნამუსის შეუნახავად, საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია, აშკარად ჩანს, რომ „ნაცმოძრაობა“ არის გაღატაკებული, როგორც პოლიტიკური სუბიექტი და ჩამოყალიბდა, როგორც დესტაბილიზაციის მსურველი გუნდი. შუნახავენ თუ არა ერთმანეთს ნამუსსა და სინდისს, ეს ვერანაირად ვერ განაპირობებს ნამუსისა და სინდისის არსებობას პარტიაში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.