გია ვოლსკი - ეპიდემია, როგორც უხილავი მტერი, ძალიან ძნელად საბრძოლველია, თუ საფრთხეს არ გავითავისებთ, რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით
გია ვოლსკი - ეპიდემია, როგორც უხილავი მტერი, ძალიან ძნელად საბრძოლველია, თუ საფრთხეს არ გავითავისებთ, რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით

ზოგს მიაჩნია, რომ სერთოდ უნდა მივუშვათ ეს საკითხი და ამ საკითხთან დაკავშირებით დარვინისტული შეხედულებები აქვთ, როგორც გუშინ ერთმა ჟურნალისტმა თქვა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ ჩართვისას.

„არსებობს ადამიანთა განსხვავებული ფსიქოტიპები. ზოგი ძალიან განიცდის ეპიდემიის საკითხს და მათთვის შეგულიანება მუდმივად საჭიროა, ზოგს კი სხვა მსოფლმხედველობა აქვს და მიაჩნია, რომ საერთოდ უნდა მივუშვათ ეს საკითხი და ამ საკითხთან დაკავშირებით დარვინისტული შეხედულებები აქვთ, როგორც გუშინ ერთმა ჟურნალისტმა თქვა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად არსებობს მოქალაქეთა მხრიდან მკაცრი აკრძალვების დარღვევის რისკები მოახლოებული რელიგიური დღესასწაულების გათვალისწინებით, რამაც შესაძლოა, ქვეყანაში დაავადების შიდა გადაცემის და გავრცელების კიდევ უფრო ზრდას შეუწყოს ხელი, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ეპიდემიის რისკი ყველამ უნდა გაითავისოს და საფრთხეს პასუხისმგებლობით მოეკიდოს.

„თუ არა საზოგადოებაზე ფიქრი, საკუთარ თავზე ფიქრი არის ის, რაც შეიძლება, შემორჩა ადამიანს, რომელიც საზოგადოებაზე არ ფიქრობს. ეპიდემია, როგორც უხილავი მტერი, ძალიან ძნელად საბრძოლველია და თუ საფრთხეს არ გავითავისებთ, ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. დღეს შეიძლება, რომელიმე ადამიანს არ აქვს განცდა, რომ მას ან მის ახლობელს ხვალ შეიძლება, რამე დაემართოს, ვინაიდან კარგი ამინდია, გარშემო გაღიმებული სახეებია და მთლიანად საქართველოში განწყობა და სოლიდარობის გრძნობა საკმაოდ ამაღლებულია. გარდა ამისა, საქართველოს აქვს ძნელბედობის ჟამს გაერთიანების ისტორიული გამოცდილება და ტრადიცია, რაც ჩვენს ერს გააჩნია და ამან შეიძლება, ყურადღება მოადუნოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, მთავარი არის პატიოსნება და პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის მიმართ.

შეკითხვაზე, კიდევ რა ფორმით ჩაერთვება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი „კოვიდ 19“-თან ბრძოლის პროცესში, გარდა ფინანსური თანამონაწილეობისა, რაც დღეს გაჟღერდა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრებმა, ვისაც ამის შესაძლებლობა ჰქონდა, ფონდში საკმაოდ სოლიდური თანხები ჩარიცხეს, მაგრამ ეს სოლიდარობის განცდა ყველას, მთელ საზოგადოებას უნდა გადაედოს.

„მხედველობაში მაქვს საზოგადოების გაერთიანება ერთი კარგი სიტყვის გარშემო, რასაც ჰქვია სოლიდარობა და საქართველო უპირველეს ყოვლისა! ალბათ, გავიტანთ თავს, თუ ეს დამოკიდებულება ყველას გადაედება, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რამდენ შესაძლებლობას ფლობს. ზოგისთვის ხუთი ლარია ის დიდი შესაძლებლობა, რაც შეიძლება, თავის თავს მოაკლოს და საზოგადოებას მისცეს, ზოგისთვის ასი ათასი და ზოგისთვის გაცილებით მეტი. ასე რომ, ამ საკითხს არც ერთმა რგოლმა და არც ერთმა ფენამ არ უნდა დააკლოს თავისი ემოციური განწყობა. თუ პრაქტიკულად მოჰყვება მოქმედება ამ საკითხს, რაზეც ირაკლი კობახიძემ ილაპარაკა, ეს საერთო ბრძოლაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრაქტიკული შენატანი იქნება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.