გია ვოლსკი - ეკა ბესელიამ გადაწყვიტა, პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე პოზიციები გაიმაგროს, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეულ სტრატეგიაში ჩაჯდა
გია ვოლსკი - ეკა ბესელიამ გადაწყვიტა, პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე პოზიციები გაიმაგროს, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეულ სტრატეგიაში ჩაჯდა

გული მწყდება, რომ ეკა ბესელიამ გადაწყვიტა, რომ ბიძინა ივანიშვილზე შეტევა თავის ნარატივად გაიხადოს, პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე პოზიციები გაიმაგროს და ამით „ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეულ სტრატეგიაში ჩაჯდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

გია ვოლსკის განცხადებით, ეკა ბესელია პოლიტიკურ ველზე საკუთარი ნიშის დამკვიდრებას ცდილობს.

„ძალიან მწყდება გული, რომ საკმაოდ გამოცდილმა იურისტმა, პოლიტიკური ისტორიით მებრძოლმა ადამიანმა ეკა ბესელიამ გადაწყვიტა, რომ ბიძინა ივანიშვილზე შეტევა თავის ნარატივად გაიხადოს, პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე პოზიციები გაიმაგროს და ამით „ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეულ სტრატეგიაში ჩაჯდა. ირაკლი კობახიძის გვარს ახსენებს და თვითონაც კარგად იცის, რომ ეს არის მოგონილი, სიცრუე, მაგრამ რეალურად, ისრები მიმართულია ბიძინა ივანიშვილისკენ. მთავარია, გეგმა, ეს რატომ სჭირდება. პოლიტიკურ ველზე საკმაოდ რთულია საკუთარი ნიშის დამკვიდრდება და ეს აქვს აღებული მთავარ პოლიტიკურ მიმართულებად. ჩემთვის სერიოზული მორალური პრობლემაა იმის ყურება, რაც ჩემს თვალწინ ვითარდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია რთულ მდგომარეობაშია და დახმარება სჭირდება. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ემოციურ ფონზე, ეკა ბესელია არასწორ განცხადებებს აკეთებს.

ამასთან, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძეს თანამდებობა პრაქტიკულად დაკარგული აქვს და მის შესანარჩუნებლად „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ხელი გაუწოდა და „ევროპულ საქართველოსაც“ ფეხქვეშ გაეგო.