გია ვოლსკი - ე.წ. შავი სიის შედგენა არის გარკვეული ფანდი, რომლითაც ბნელი ძალები ყურადღების მიქცევას ცდილობენ
არ ვფიქრობ, რომ „შავ სიას“ უნდა ადგენდნენ და საერთოდ, რამე სიას უნდა ადგენდნენ ადამიანები, რომლებმაც უკვე შეადგინეს სიები და ამ სიის მიხედვით დასაჯეს არაერთი ადამიანი და ოჯახი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა ოპოზიციის წარმომადგენლების ე.წ. შავი სიის შედგენის საკითხთან დაკავშირებით.
„სამწუხაროა, რომ ახალგაზრდებს არ აქვთ ეს ემოციური კავშირი ამ სიის შემდგენთა ბოროტებასთან, რომელსაც სულ ახლახან ჩვენ ყველა ვუცქერდით. ასე რომ, სიების შედგენას სჯობს, იფიქრონ ქვეყნის განვითარებაზე, პროგრამაზე, თუ რა შეიძლება, ჰქონდეს ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიას, რას სთავაზობს საზოგადოებას. სიის შედგენა არის გარკვეული ფანდი, რომლითაც ეს ბნელი ძალები ცდილობენ, ყურადღება მიიქციონ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ე.წ. შავი სია ძირითადად სამი მიმართულებით მუშავდება და ის ეხება: „პოლიტიკოსებს, რომლებიც მართლმსაჯულების გაყალბებასა და პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაში იქნებიან მხილებულნი“, მოსამართლეს, პროკურორს, თუ გამომძიებელს, რომლებიც „გაყალბებაში, საქმეების შეკერვასა და მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში არიან მხილებულნი“, ასევე, სიაში წარმოდგენილი იქნებიან „პოლიტიკური დევნის, შანტაჟისა და მართლმსაჯულების მსხვერპლნი – დაპატიმრებული თუ სხვა მხრივ რეპრესირებული ადამიანები“.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების სპეციალურმა კომისიამ გუშინდელ შეხვედრაზე ე.წ. შავი სიის ხუთეული შეათანხმა. უახლოეს დღეებში სიის ათეულს გამოაქვეყნებენ, რის შემდეგაც სიას საერთაშორისო პარტნიორებს გაუგზავნიან და მათგან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.