გია ვოლსკი - დღეს რუსული პოლიტიკური ფული არის 30 ვერცხლის ტოლფასი, რადგან რუსეთს საქართველოში სტაბილურობა არ აწყობს
გია ვოლსკი - დღეს რუსული პოლიტიკური ფული არის 30 ვერცხლის ტოლფასი, რადგან რუსეთს საქართველოში სტაბილურობა არ აწყობს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, საზოგადოების ნაწილს სუსტი წარმოდგენა აქვს იმის თაობაზე, როგორი მეთოდით და რა რესურსით შეუძლია რუსეთს, ჩაერიოს საპარლამენტო არჩევნებსა და პოლიტიკური დებატებში.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ნებისმიერი პოლიტიკური პარტია გამოიყენოს, რათა დესტაბილიზაცია და სტრესი საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებისთვის მუდმივი და დამახასიათებელი იყოს.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში „პატრიოტთა ალიანსის“ ქმედებები ნებით თუ უნებლიეთ, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.

„არც ის არის არავისთვის სიახლე, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ სწორედ რუსეთთან ურთიერთობის ნიშაში ეძებს მხარდაჭერას. ეს უშველებელი შეცდომაა, თუ არა განზრახ შეცდომა, რადგან რუსეთს თავისი სტრატეგიული ინტერესი გაჩნია და ეს სტრატეგია არავითარ მოგვარებას, ან არავითარ იდეას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ მიმართულ ქმედებებს არ ითვალისწინებს. ეს არის მგელთან თამაში, რომელიც არანაირად არ დათმობს იმას, რაც თავისი სტრატეგიული გეგმების შესასრულებლად სააკაშვილის ხელისუფლებისგან მიიღო. ესეც არის დანაშაულებრივი შეცდომა ან პირდაპირ დანაშაული, რაც ჩაიდინეს. ახლა რუსეთი ცდილობს, ახალი რესურსი გამოძებნოს, რათა უკვე დესტაბილიზაციის გეგმით შემოვიდეს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. დღეს, რუსული პოლიტიკური ფული არის 30 ვერცხლის ტოლფასი, რადგან რუსეთს საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობა არ აწყობს. რაც უფრო მეტი დაძაბულობა იქნება, მისთვის უკეთესია. არ შეიძლება, ამაზე ფარატინა ქაღალდით მსჯელობა, მაგრამ პროფესიონალურ კვლევას აუდიტის სამსახური აწარმოებს. თუ ეს რეალობაა, პოლიტიკური სუბიექტისთვის დასასრულს ნიშნავს“, – განაცხადა ვოლსკიმ.