გია ვოლსკი - დელეგატების წარდგენა სწორია, ადამიანები დავასახელეთ იმ ნიშნით, რომლითაც ხასიათდებოდნენ მაჟორიტარი დეპუტატები, კონკრეტული რაიონის მიმართ პასუხისმგებელი დეპუტატები
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ სწორია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება დელეგატების წარდგენასთან დაკავშირებით, რომლებიც რეგიონებში საარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან.
ვოლსკის თქმით, ისინი არიან კონკრეტული რაიონის მიმართ პასუხისმგებელი დეპუტატები.
„როგორ უნდა მოატყუო ამომრჩეველი? ვეუბნებით, რომ პროპორციული არჩევნებია, ეს გადაწყვეტილება ჩვენ მივიღეთ. ელექტრონული არჩევნების გადაწყვეტილება ჩვენ მივიღეთ. პროპორციული არჩევნებია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პარლამენტის შემადგენლობაში არ იქნებიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ რეგიონებში მეტად იქნებიან აქტიურები, ვიდრე სხვაგან. რა არის ამაში მოტყუება და გაუგებარი? არსებობენ ადამიანები, რომლებიც პარლამენტის წევრები იქნებიან, პროპორციული სისტემით შემოვლენ. დარწმუნებული ვართ გამარჯვებაში და პასუხისმგებელი იქნებიან ყველაფერზე ისევე, როგორც მაჟორიტარი დეპუტატები იყვნენ. ეს არ არის ოფიციალურად, კანონით დადგენილი ნორმა, მაგრამ ფაქტია, ეს ადამიანები ჩვენ დავასახელეთ იმ ნიშნით, რომლითაც მაჟორიტარი დეპუტატები ხასიათდებოდნენ, კონკრეტული რაიონის მიმართ პასუხისმგებელი დეპუტატები. მიუხედავად პროპორციული არჩევნებისა, ეს სისტემა არ გაუქმდება ჩვენს სინამდვილეში. თუ კი იქნება სხვა მიდგომა ოპოზიციაში, ესეც, რასაკვირველია, თავის შეფასებას დაიმსახურებს, მაგრამ ვინც გაიმარჯვებს კონკრეტულ რეგიონში, ის იქნება ვალდებული ყველას მიმართ, არა მარტო მხარდაჭერების, არამედ ოპოზიციურად გაწყობილი საზოგადოებების მიმართ. ეს არის ამ გადაწყვეტილების იდეა და სწორია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.