გია ვოლსკი - დავით ხიდაშელმა დამირეკა, არ ვიცნობდი, მითხრა, აფხაზეთთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრებები მაქვსო, მას ჩემთან არ უსაუბრია, როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთან
გია ვოლსკი - დავით ხიდაშელმა დამირეკა, არ ვიცნობდი, მითხრა, აფხაზეთთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრებები მაქვსო, მას ჩემთან არ უსაუბრია, როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთან

დავით ხიდაშელმა დამირეკა, მას არ ვიცნობდი, მითხრა, აფხაზეთთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრებები მაქვსო. ვიდეო რომ გავრცელდა, ვერ მივხვდი, მათი ტაშ-ფანდურის მიზეზი რა იყო, თუმცა გეტყვით, რომ კაფეში ძალიან ხმამაღლა საუბრობდნენ, ისე რომ მიმტანსა და ყველა იქ მჯდომ ადამიანს ესმოდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი გამოეხმაურა პოლიტიკური გაერთიანება „დროას“ მიერ გავრცელებულ ვიდეოს, რომელიც სხვადასხვა მედიასაშუალებებმაც გაავრცელეს.

გია ვოლსკის თქმით, „დროაში“ ის ხალხია, ვისაც ყოველდღე უნდა შეახსენო, რომ რუსეთის ბიუჯეტიდან იღებენ დაფინანსებას.

„მგონი, ეს სიხარული და ტაშ-ფანდური იმით იყო გამოწვეული, რომ დავით ხიდაშელს შევხვდი, თუმცა გულახდილად გეუბნებით, ხიდაშელს არანაირად არც ანტიდასავლური, არც პრორუსული და არც, მით უმეტეს, ანტიქართული იდეა არ გამოუმჟღავნებია. საუბარი ჰქონდა იმაზე, რომ 2011 წელს „ნაცმოძრაობის“ პერიოდში რუსეთთან და შვეიცარიასთან საერთაშორისო მონაწილეობით შეთანხმება იყო, მათ შორის საქართველომ საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის წევრობას მწვანე შუქი აუნთო და თუ შესაძლებელია, ეს სატრანზიტო მოძრაობა ამ შვეიცარიის მხარის ჩართულობით აღდგეს იმ შეთანხმებით, რომელიც 2011 წელს „ნაცმოძრაობამ“ რუსეთთან გააფორმა. ჩემი დიდი პასუხები არც დასჭირვებია, თავადვე კარგად ესმის და თავისი პოზიციაც გამოხატა, რომ დღევანდელ ვითარებაში, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, მას შემდეგ რუსეთი შეიჭრა და ახდენს უკრაინული ტერიტორიების ოკუპაციას, რაიმე მოლაპარაკება საერთაშორისო მონაწილეობით, მით უმეტეს, რუსეთთან, პრაქტიკულად არა მხოლოდ შეუძლებელია, არამედ გამორიცხულია და ამას პერსპექტივა არ გააჩნია და ეს თვითონაც კარგად ესმის“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გია ვოლსკიმ თქმით, აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით „რუსული ბიუჯეტიდან დაფინანსებული ადამიანის ორგანიზაციამ ატეხა ამბავი“.

„აქ ბევრი რამ განაპირობა თვითონ დავით ხიდაშელის მიმართ დამოკიდებულებამ. გახსოვთ, რომ ის იყო ადამიანი, რომელმაც ამათი ბელადი ამხილა იმაში, რომ სააკაშვილმა ტერიტორიები გაასხვისა, რუკები ჩამოიტანა არქივიდან. ვფიქრობ, ის, რომ „დროა“ ფინანსდება რუსული ბიუჯეტიდან, დავით ხიდაშელი მათ პირად მტერს წარმოადგენს და მათ ბელადს უპირისპირდება, ეს იყო განმაპირობებელი იმ აჟიოტაჟის, რომელსაც არანაირი აბსოლუტურად საფუძველი არ გააჩნია. რაც შეეხება ევტუშენკოვისა და მის მეგობრობას, ევტუშენკოვი აშშ-ის მხრიდან არ არის სანქცირებული. 32 სანქცია დაწესდა და ევტუშენკოვი ამ სიაში არ არის. ხიდაშელი მისი მეგობარია თუ არა, ამას არავითარი აზრი არ აქვს. ჩემთან ხიდაშელს არ უსაუბრია, როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთან. მან ისიც თქვა, რომ იქნებ პირადი ურთიერთობები აფხაზურ მხარესთან კარგი იყოს. ამას დიდი ხანია საუბრობენ, მაგრამ ავუხსენი, რომ აფხაზურ მხარეს უნდა, ქართულ მხარეს ელაპარაკოს, როგორც აფხაზეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკას და ეს გარემოება შეუძლებელს ხდის რაიმე პირადი კონტაქტების და ურთიერთობების ჩამოყალიბებას. არსებობს ჟენევის ფორმატი და ამ ფორმატიდან გასვლას აზრი არ აქვს, მაგრამ ეს ჩემი რადიკალური დაპირისპირებული განცხადებებიდან კი არ მოხდა, იმასაც კარგად ესმის. მართალი გითხრათ, ამ შეხვედრის შედეგის იდეას ვერანაირად ვერ მივხვდი, გარდა იმისა, რომ ამ რუსული ბიუჯეტიდან დაფინანსებული ადამიანის ორგანიზაციამ ატეხა ეს ამბავი. რაც შეეხება კონფედერაციას, ეს სიტყვა საკმაოდ ხმამაღლა ახსენა – ისე, რომ გვერდით მსხდომმა ადამიანებმა მოიხედეს კიდეც – რომ კარგი იქნება, აფხაზეთთან შეიქმნას კონფედერაცია. საზოგადოების დიდმა ნაწილმა იცის, რომ კონფედერაცია შეიძლება, მაგრამ ასეთ ვითარებაში ამაზე საუბარი არ არის, არც არანაირი წინაპირობაა. იქ კონფედერაცია ახსენა, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ამაზე საუბარია“, – განაცხადა ვოლსკიმ.