გია ვოლსკი - დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ უკრაინიდან ჩამოვიდნენ „ნაცმოძრაობის“ მომხრეები, რომლებიც ახალგაზრდული ენერგიის გამოყენებით შეეცდებიან, ორი „ტრუპის“ თემა კიდევ შემოვიდეს დღის წესრიგში
ჩვენთვის მთავარია, შევინარჩუნოთ საზოგადოებაში სიმშვიდე და მივყვეთ იმ ამოცანას, რასაც ჰქვია დემოკრატიული ევროპული სტანდარტით არჩევნების ჩატარება, პროგრამების შეჯიბრით და არა მუშტი-კრივით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მეორე და საკმაოდ საყურადღებო თემაა, ვფიქრობ, შემაშფოთებელიც, ვინაიდან არის ინფორმაცია, რომ გარკვეული ჯგუფი ახალგაზრდებისა მზადდება, რათა ამ პოლიტიკური პროცესების განვითარებას როგორმე ხელი შეუშალონ. ამაში მოიაზრება ის პოლიტიკური გუნდი, რომელსაც ახლა, ამ მომენტში ხაბეიშვილი, და არა მარტო ხაბეიშვილი, უდგას სათავეში“, – განაცხადა ვოლსკიმ.
როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, სწორედ ამ პროცესების განვითარებას ემსახურება ის დეზინფორმაცია, თითქოს აქციის მონაწილეების მისამართით არაპროპორციული ძალები იქნა გამოყენებული.
მისივე თქმით, მათი მიზანია დესტაბილიზაცია და ისეთი პროცესების განვითარება, რომლებიც მოწყვეტილია იმ ინტერესებს, რაც საქართველოს გააჩნია.
„რეალურად, ამ პროცესების განვითარებას ემსახურება დეზინფორმაცია, თითქოს სუს-ის წარმომადგენელი ვიღაცას დაესხა თავს, თითქოს მომწამლავი გაზი გაუშვეს და ა.შ. დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული ჯგუფი უკრაინიდან სააკაშვილის, „ნაცმოძრაობის“ მომხრეების ჩამოვიდა, ესენი არიან მებრძოლები, რომლებიც ამ ახალგაზრდული ენერგიის გამოყენებით შეეცდებიან, რომ ეს რევოლუციური პროცესი დღის წესრიგიდან არ მოიხსნას და სამოქალაქო ომში, ჭყლეტაში, რაღაც დაპირისპირებაში ის ორი „ტრუპის“ თემა კიდევ შემოვიდეს დღის წესრიგში, საქართველო დაინგრეს. დესტაბილიზაცია, რაზეც ძალიან დიდი ხანია, ვლაპარაკობთ, იყოს დღის წესრიგში და განვითარდეს ისეთი პროცესები, რომლებიც აბსოლუტურად მოწყვეტილია იმ ინტერესებს, რაც საქართველოს აქვს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.