გია ვოლსკი - ცუდია, რომ ოპოზიციის ნაწილს ბელგიის გადაწყვეტილება სიხარულს ანიჭებს, საქართველოს შიდა მტერი გაცილებით მეტი ჰყავს, ვიდრე საგარეო ფორმატში ოპონენტი
გია ვოლსკი - ცუდია, რომ ოპოზიციის ნაწილს ბელგიის გადაწყვეტილება სიხარულს ანიჭებს, საქართველოს შიდა მტერი გაცილებით მეტი ჰყავს, ვიდრე საგარეო ფორმატში ოპონენტი

ცუდია, რომ ოპოზიციის ნაწილს ბელგიის გადაწყვეტილება სიხარულს ანიჭებს. აგრძელებენ მუშაობას, რათა როგორმე დამატებითი ნეგატიური ინფორმაცია შეიტანონ ევროპაში, თუმცა ფაქტები აჩვენებს, რომ საქართველო ტურისტულ ჰაბად რჩება და უსაფრთხო ქვეყანაა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითიც გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „ბელგიამ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალიდან ამოიღოს, რომელიც ევროკავშირში უსაფრთხო ქვეყნებად ითვლება“.

ვოლსკის თქმით, ეს გადაწყვეტილება უვიზო მიმოსვლას არ ეხება.

„ბელგიის გადაწყვეტილება სამწუხაროა. ცოტა ხნის წინ საერთაშორისო ტურისტული ორგანიზაციის კონფერენცია ჩატარდა და საქართველოში მთელი მსოფლიოდან იყვნენ ტურისტული ორგანიზაციების ადმინისტრაციები. ასევე, ჩატარდა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები, საერთაშორისო სპორტული ღონისძიებები კალათბურთში, ფეხბურთსა და რაგბიში. ვფიქრობ, ბელგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ბოლო პერიოდში მომხდარ შეჯახებებს ეხება, მაგრამ, ამავე დროს, თავისი შინაარსით პოლიტიკურია. ცუდია, რომ ოპოზიციის ნაწილს ეს გადაწყვეტილება სიხარულს ანიჭებს. ვფიქრობ, რომ მათი მუშაობა გრძელდება, რომ როგორმე დამატებითი ნეგატიური ინფორმაცია შეიტანონ ევროპაში, თუმცა ფაქტები აჩვენებს, რომ საქართველო ტურისტულ ჰაბად რჩება და არის უსაფრთხო ქვეყანა. რასაკვირველია, ეს გადაწყვეტილება უვიზო მიმოსვლას არ ეხება, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი ჯგუფი მუშაობს, რათა როგორმე საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში უვიზო გადაადგილება შეეზღუდოს. საქართველოს შიდა მტერი გაცილებით მეტი ჰყავს, ვიდრე საგარეო ფორმატში ოპონენტი“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.