გია ვოლსკი - ჩვენთვის ცნობილია, რომ „ქართულ ოცნებას“ მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე სხვას, ასევე ვიცით, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ სერიოზული პრობლემა არსებობს სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში
არ მინახავს NDI-ის კვლევის შედეგები, მაგრამ რაღაც გარკვეული ნაწილი ჩვენთვის ცნობილია. მაგალითად, „ქართულ ოცნებას“ მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე სხვას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, ქვეყანაში არაერთი გამოწვევაა, მაგალითად, სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში, რაც მმართველი გუნდისთვის ცნობილია.
„ჩვენთვის ცნობილია, რომ ჯერ კიდევ სერიოზული პრობლემა არსებობს სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში, დასაქმების სფეროში, მაგრამ ფაქტია, რომ ტენდენციები გაცილებით უკეთესია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არ მახსოვს შეფასება წინასაარჩევნო პერიოდში, სადაც NDI-მ მიახლოებით მაინც გამოიცნო არჩევნების შედეგები. NDI-ზე არ არის აქ საუბარი. NDI, IRI ჩვენი საკმაოდ საინტერესო პარტნიორები არიან, არიან ორგანიზაციები, ვინც უკვე წლებია, ამ საკითხებთან დაკავშირებით მუშაობენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გასული წლის შემდეგ მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება 10 პროცენტით გაიზარდა. NDI-ს ინფორმაციით, მთავრობის საქმიანობის შეფასება შედარებით დაბალია თბილისსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის.