გია ვოლსკი - ჩვენი სტრატეგია და ხედვაა სითბო, სათნოება, თუნდაც მწვავე, მაგრამ კონსტრუქციული და საქმიანი დაპირისპირება ოპოზიციასთან
გია ვოლსკი - ჩვენი სტრატეგია და ხედვაა სითბო, სათნოება, თუნდაც მწვავე, მაგრამ კონსტრუქციული და საქმიანი დაპირისპირება ოპოზიციასთან

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილის გამონათქვამებს იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი მასკარადს ჰგავს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პასუხობს.

გიორგი ვოლსკის თქმით, რაც უფრო ნაკლები აქვთ არგუმენტი მათ ოპონენტებს, მით მეტად მიმართავენ ისინი შეურაცხმყოფელ ფრაზებს.

„რაც უფრო ნაკლები აქვთ არგუმენტი და რაც უფრო მეტია პოზიტიური ტენდენცია, უფრო მეტი იქნება ასეთი ეპითეტები, რომლებიც უფრო მოუხდება ამ ეპითეტების მთქმელს. რეალურია, რომ გეგმა, სტრატეგია და ხედვები ჯანსაღია. შეხვედრები ხალხთან, გვიჩვენებს, რომ ბევრი პოზიტივია დაგროვილი, განწყობები ამაღლებულია, თუმცა ისეთი საკითხები, როგორებიცაა თუნდაც ლარის კურსი, გაცნობიერება სახელმწიფო პროგრამებში, არის ძალიან დაბალი. საგარეო ურთიერთობებზე იყო რატომღაც ლაპარაკი ადამიანებისგან, რომლებმაც დათმეს ქვეყნის 20 პროცენტი“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

რაც შეეხება შეკითხვას, რას გულისხმობდა გიორგი გახარია მაშინ, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა ფრაზით „მე თქვენ დაგასრულებთ“, ვოლსკი აღნიშნავს, რომ ამ ნაწილში გახარიამ იგულისხმა, რომ დასრულების ორი გზა არსებობს.

„ერთია მათი პარტიის გზა, როდესაც ადამიანებს ციხეში ყრიდნენ, კლავდნენ და აწამებდნენ. მეორე დასრულების გზა არსებობს პოზიტიური საქმიანობა, ისე რომ საზოგადოებამ იგრძნოს სად და რა პოზიციაზე უნდა დადგეს არჩევნების დროს. სწორედ მეორეა ჩვენი სტრატეგია და ჩვენი ხედვა – სითბო, სათნოება, თუნდაც მწვავე, მაგრამ კონსტრუქციული და საქმიანი დაპირისპირება ოპოზიციასთან, ეს იქნება ჩვენი სტილი ამ წელს და 2020 წლის განმავლობაში“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.