გია ვოლსკი - ჩვენი ოპონენტები გეგმავენ დაძაბულობისა და დესტაბილიზაციის შექმნას, ამისთვის უკრაინის სახელი ერთ-ერთ კომპონენტად იქნება გამოყენებული
გია ვოლსკი - ჩვენი ოპონენტები გეგმავენ დაძაბულობისა და დესტაბილიზაციის შექმნას, ამისთვის უკრაინის სახელი ერთ-ერთ კომპონენტად იქნება გამოყენებული

რუსეთს დასავლეთთან დაპირისპირება სერიოზულ დარტყმებს მიაყენებს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკემა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთს საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეექმნება.

„საკმაოდ მძიმე და სერიოზულია სიტუაცია. რასაკვირველია, გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთს საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეექმნება, რადგან ასეთი სახის ოკუპაცია საკმაო სახის რესურსების მობილიზებას საჭიროებს. ამასთანავე, დასავლეთთან დაპირისპირება სერიოზულ დარტყმებს მიაყენებს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით.

როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ჩათვალა, რომ მისთვის აუცილებელი იყო ასეთი უკანონო ნაბიჯების გადადგმა. ეს არის სერიოზული, მსოფლიო, გლობალური დაპირისპირება – ასეთ ვითარებას შეიძლება ომი დავარქვათ. ცხელი წერტილები არსებობს, მაგრამ იმდენი არ არის, რომ მას ცხელ ფაზაში გადასული დაპირისპირება ვუწოდოთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამასთან, როგორც პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, საქართველოში მმართველი პარტიის ოპონენტები გეგმავენ დაძაბულობისა და დესტაბილიზაციის შექმნას და ამისთვის უკრაინის სახელი ერთ-ერთ კომპონენტად იქნება გამოყენებული.

„საქართველოსთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია თავისი პოლიტიკით უზრუნველყოს ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნება. ამავე დროს უკრაინისთვის მხარდაჭერა, ეს არის ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე და ეს არ უნდა იყოს შიდა პოლიტიკური კეკლუცობისთვის გამოსაყენებელი თემა, როგორც ამას ჩვენი ოპონენტები აკეთებენ. ჩვენი ოპონენტების ინტერესია, როგორმე საქართველოსკენ წამოიყვანონ ის დაძაბულობა, რისგანაც ამდენი ხანი გადარჩა საქართველო. ჩვენი ოპონენტები გეგმავენ დანაშაულებრივ შეცდომაზე საუბარს, რომელიც ჩაიდინეს. ასევე ოპონენტები გეგმავენ დაძაბულობისა და დესტაბილიზაციის შექმნას. ამისთვის უკრაინის სახელი ერთ-ერთ კომპონენტად იქნება გამოყენებული. ხელისუფლებამ თავისი საქმე იცის, სწორ გზას ადგას და ინტენსიური კონსულტაციები აქვს დასავლელ პარტნიორებთან“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.