გია ვოლსკი - ჩვენი მთავარი გზავნილია, ქვეყანას გავუფრთხილდეთ, დამოკიდებულება პოლიტიკური პარტიების მიმართ 2020 წელს არჩევნებზე გამოვხატოთ
შექმნილ ვითარებაში აქცენტის გადატანა ბიძინა ივანიშვილზე ხდება, მაგრამ ნებისმიერ სისტემაში, ვადამდელი იქნება, შერეული, პროპორციული, თუ 2020 წელს ჩატარებული არჩევნები, უპირატესობა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს, განპირობებული არ არის კონკრეტული პიროვნებებით და არც იმ პროგრამებით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ქვეყნისთვის აკეთებს, ეს არის გარკვეული დამოკიდებულება საზოგადოების, როგორც ჩვენს მიმართ, ასევე იმ კოალიციის მიმართ, რომელიც ახლა ქუჩაში სპონტანურად შეიქმნა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც პარტია “ქართულ ოცნებთან“, მიმდინარე აქციას გამოეხმაურა.
დეპუტატის თქმით, საკუთარი აზრის გამოხატვა ყველას შეუძლია.
„მათ მიმართ ჩვენი მთავარი გზავნილია, ჩვენს ქვეყანას გავუფრთხილდეთ და ჩვენი დასკვნები და დამოკიდებულება პოლიტიკური პარტიების მიმართ 2020 წელს არჩევნების დროს გამოვხატოთ”, – აღნიშნავს ვოლსკი.
კითხვაზე, ფიქრობს, თუ არა, რომ პროტესტი სამართლიანია, ვოლსკი პასუხობს, რომ აგრესიით პოზიციის დაფიქსირება სწორი არ არის.
„იმას რად უნდა თქმა, რომ ჩვენი დამოკიდებულება საკმაოდ ლოიალური და მეგობრულია, მაგრამ ის აგრესია, რაც იქიდან მოდის, სწორი არ არის. მეც და უამრავ ხალხს ასე გვგონია. პროპორციულ ნაწილში, რომელიც შერეულ სისტემას აქვს, საკმაოდ დიდი რესურსი რჩება. ამასთან, გეტყვით, რომ ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს ეუთო-ს რეკომენდაციებით ამ საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბებაზე, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვან ცვლილებებს და მათ შორის ოპოზიციისათვის პოზიციების გაძლიერებას ითვალისწინებს. პარტიებს იქაც საკმაოდ დიდი რესურსი გააჩნიათ“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ამასთან, კითხვაზე, ბიძინა ივანიშვილი თავად რატომ არ უხსნის საზოგადოებას, რაც მოხდა, ვოლსკი პასუხობს, რომ არ ჰგონია, უმრავლესობის ლიდერები ნაკლებ ახსნას აკეთებდნენ.
„ბიძინა ივანიშვილს თავისი პოზიციის გაზიარება არასდროს გაჭირვებია. რატომ არ მოდის და პირადად თქვენ რატომ არ გაბარებთ პასუხებს? – ეს არ არის ის თემა, რის გამოც შეიძლება ბიძინა ივანიშვილს რაიმე საყვედური ვუთხრათ. ამ ადამიანის დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ იცით, თქვენ ბევრ რამეში გამოიხატება, მათ შორის პერიოდულად დეტალურ და საკმაოდ გულახდილ საუბარში“, – დასძინა ვოლსკიმ.