გია ვოლსკი - ჩვენი ინტერესები აუცილებლად უნდა გამომდინარეობდეს ჩვენი ხალხის ინტერესებიდან, რასაკვირველია, ეს ჩვენს საგარეო კურსს არანაირად არ ცვლის, ჩვენი პოზიცია ამ მხრივ არის უცვლელი
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს რამდენჯერაც ჟურნალისტი შეკითხვას დაუსვამს პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ, იმდენჯერ ასეთ პასუხს გასცემს, სხვანაირად წარმოუდგენელია, რომ საუბრობდეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, აშშ-ისთვის არ არის ფრენების აღდგენა ის თემა, რომელსაც მიესალმებიან.
„2019 წელს საკმაოდ მკაცრად გააკრიტიკეს ფრენების შეწყვეტა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი თანამემამულეების, ქართველებისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის საგანგებო მნიშვნელობა აქვს, რომ არ იწვალონ, როცა საკუთარ სამშობლოსთან უნდათ კავშირი. სამმაგი დრო არ დახარჯონ, ხუთმაგი თანხები არ გადაიხადონ და დისკომფორტი არ შეექმნათ. გასაგებია პოლიტიკა, ამან არ უნდა გაგვაღიზიანოს. ყველა ქვეყანას თავისი პოლიტიკა გააჩნია. უკრაინა დღემდე უშველებელი რაოდენობის გზას ატარებს თავის ტერიტორიაზე რუსეთიდან ევროპაში, ვინაიდან ეს მის ინტერესებს შეესაბამება. ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესები, რუსეთს – თავისი. თუმცა, ჩვენი ინტერესები აუცილებლად ჩვენი ხალხის ინტერესებიდან უნდა გამომდინარეობდეს. რასაკვირველია, ეს ჩვენს საგარეო კურსს არანაირად არ ეხება და არ ცვლის. კონსტიტუციაში მითითებულია 78-ე მუხლი და ეს ჩვენი ჩადებულია. ჩვენი პოზიცია ამ მხრივ არის უცვლელი“, – განაცხადა ვოლსკიმ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა გუშინ განაცხადა: „აშშ შეშფოთებულია რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენით, საქართველოს აეროპორტებში კომპანიები, შესაძლოა, სანქციების რისკის წინაშე აღმოჩნდნენ“.