გია ვოლსკი - ჩვენს იდენტობას ვიცავთ და ამას ლავროვი იტყვის თუ პავილიონისი, მნიშვნელობა არ აქვს, იმ გზით მივდივართ, რაც ახალ თაობას სჭირდება
ჩვენს იდენტობას ვიცავთ და ამას ლავროვი იტყვის თუ პავილიონისი, მნიშვნელობა არ აქვს, იმ გზით მივდივართ, რაც ახალ თაობას სჭირდება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
გია ვოლსკის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ დაუსვეს კითხვა, რომელშიც ლავროვი ამბობს, რომ „თანამედროვე ქართული ხელმძღვანელობის პოლიტიკა დაკავშირებულია ეროვნული ქართული იდენტობის გაცნობიერებასა და ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებების მავნებლობის გააზრებასთან“.
„განზრახ ისეთი თემის შემოგდება ხდება, რაც ლოგიკურ ახსნას ექვემდებარება. რუსეთი რა განცხადებასაც აკეთებს, ყოველთვის იქიდან გამოდის, რა ინტერესი აქვს. შეიძლება, ერთი განცხადება გააკეთოს, მეორენაირად იმოქმედოს და ამის ბევრი მაგალითია. მთავარია, ჩვენ რა განცხადებას ვაკეთებთ და ამ ქვეყანას როგორ ვუყურებთ. საქართველოში მავნებლების დიდი ბუდეა თავიანთი მედიასაშუალებებით და ცდილობენ, საზოგადოებას ჭკუა აურიონ: ვინაიდან ლავროვმა თქვა, რომ საქართველო თავის იდენტობას იცავს, ე.ი. იდენტობის დაცვა ცუდია. ჩვენს იდენტობას ვიცავთ და ამას ლავროვი იტყვის თუ პავილიონისი, მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ იმ გზით მივდივართ, რაც ახალ თაობას სჭირდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.