გია ვოლსკი - ჩვენ გამოვიტანთ ტატუნაშვილის საქმის რეზოლუციის პროექტს, კარგი იქნება თუ მხარს დაგვიჭერენ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, ტატუნაშვილის საქმის რეზოლუციის პროექტზე მას შენიშვნები არ აქვს.
ამის შესახებ ვოლსკიმ კომენტარი „ქართული ოცნების“ ოფისიდან გამოსვლის შემდეგგანაცხადა, სადაც უმრავლესობის წევრები პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ.
„ვატყობ, ოპოზიციამ მიზნად დაისახა ის, რომ დააპირისპიროს ერთმანეთს პრემიერის განცხადება და ეს რეზოლუცია და სწორედ ამ რაკურსით გამოდიან თავისი ძალიან უხეში, უკმეხი განცხადებებით და არც სტოლტენბერგის განცხადებას ითვალისწინებენ, არც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ხელმძღვანელების განცხადებებს, რომ საქართველოს პოზიცია გამოხატული თუნდაც პრემიერ-მინისტრის მიმართვაში არის პრაგმატული და ორიენტირებული კარგ შედეგზე.
ერთია რუსეთის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, მაგრამ მეორეა, რას ამბობს ჩვენი ოპოზიცია ამასთან მიმართებაში. მე ამ უხეშ და უკმეხ და ხეპრულ სიტყვებს აღარ გავიმეორებ, მაგრამ ფაქტია, რომ რეზოლუციაზე შეთანხმებას ისინი მინიშნებით აკეთებენ ისე, თითქოს ეს უნდა დაუპირისპირდეს სხვა მიდგომას, რომელთან მიმართებაში მთლიანობაში ჩვენ ერთი პოზიცია გვაქვს ყველა საკითხთან დაკავშირებით.
მე რეზოლუციის ტექსტთან მიმართებაში შენიშვნები არ მაქვს, მაგრამ არ ვიცი ჩვენი ოპონენტები რას მოითხოვენ, ამ რეზოლუციის რომელი პუნქტი ან მუხლი არ მოსწონთ. ჩვენ გამოვიტანთ რეზოლუციას, ძალიან კარგი იქნება თუ მხარს დაგვიჭერენ“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.