გია ვოლსკი - ჩანს, რომ ნიკა მელიას ციხის კედლების მიმართ გაუჩნდა ფობია და გადაწყვიტა, გირაო გადაიხადოს, მაგრამ სხვა ფორმით და შემდეგ ეს დააბრალოს „ქართულ ოცნებას“
ჩანს, რომ ნიკა მელიას ციხის კედლების მიმართ გაუჩნდა ფობია და გადაწყვიტა, გირაო გადაიხადოს, მაგრამ სხვა ფორმით და შემდეგ ეს დააბრალოს „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„თავად მელია ნაკლებად აქტუალური თემა გახდა ბოლო პერიოდში. ის სკანდალი, რომელიც მის გარშემო უნდა ტრიალებდეს, პარტიის ახალი ლიდერია, რატომღაც არ არის იმ დონეზე ასული, როგორც თვითონ მოელოდა ეტყობა. შემოაქვს ახალი თემა, აბსურდული, რომ თითქოს რაღაც უნიკალური კოდია, სადაც „ქართული ოცნება“ აპირებს თანხის შეტანას ისე, რომ მას არ შეეკითხება. თითქოს ეს იქნება დამალული და საზოგადოება ამას ვერ გაიგებს, თვითონ აზრობრივადაც ძალიან სუსტი პოზიციაა. ისე ჩანს, რომ სწორედაც ციხის კედლების მიმართ გაუჩნდა ფობია და გადაწყვიტა, რომ გადაიხადოს, მაგრამ გადაიხადოს სხვა ფორმით და შემდეგ ეს დააბრალოს „ქართულ ოცნებას“. იმდენად აბსურდულად ჟღერს ეს ყველაფერი, რომ მე დამატებითი კომენტარები არ მაქვს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ დღევანდელ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გირაოს თანხის გადახდას არ აპირებს.
მისივე თქმით, გირაოს გადასახდელად აუცილებელია სპეციალური კოდი, რომელიც ინახება პროკურატურაში. ნიკა მელიას განმარტებით, პროკურატურას უნიკალური კოდის მიღების მოთხოვნით არ მიმართა და შესაბამისად, აღნიშნული კოდი არც მას და არც ადვოკატს არ აქვს, ამიტომ სურვილის შემთხვევაშიც, თანხის გადახდას ვერ შეძლებს.
ამავდროულად, ნიკა მელიას თქმით, ნებისმიერი ადამიანი, ვინც „თითქოს მის სასარგებლოდ შეიტანს თანხას, იქნება მისი მტერი, არაკეთილმოსურნე, მეტიც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მჭიდრო კავშირში“.
გენერალურ პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ აღსრულების ბიუროს დასახელებული საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები არის საჯარო და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. რაც შეეხება ე.წ. გადახდის უნიკალურ იდენტიფიკატორს, უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს საბანკო ანგარიშზე გირაოს თანხის გადახდის აუცილებელ რეკვიზიტს და გამოიყენება გადახდილი თანხის ანგარიშზე დროულად ასახვისა და ანალიტიკური მიზნებისთვის.
შეგახსენებთ, „ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი.
თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა. ამის შემდეგ პროკურატურამ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება მოითხოვა. სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა.
გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, ნიკა მელია 2021 წლის 5 თებერვალს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა არ გამოცხადდა. ამავე დღეს, პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა. უწყების ცნობით, გადაუხდელობის შემთხვევაში, პროკურატურა სასამართლოს მისი პატიმრობის თაობაზე მიმართავს. მელიას გირაოს დარჩენილი თანხის გადახდის ვადა 12 თებერვალს ეწურება.