გია ვოლსკი - სუს-ის მიერ გავრცელებული ჩანაწერებით დასტურდება ის, რასაც ძალიან დიდი ხანია, ვამბობდით, სრულიად საკმარისია, რომ შესაბამისი დასკვნები გააკეთოს საზოგადოებამ
ჩანაწერებით დასტურდება ის, რასაც ძალიან დიდი ხანია, ვამბობდით, მე არ ვიცი, სრულად არის თუ არა წარმოდგენილი ეს ჩანაწერები და კიდევ რა მასალები გააჩნია უსაფრთხოების სამსახურს, მაგრამ აქ უკვე ორი აზრი აღარ დარჩა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ სუს-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.
ვოლსკის თქმით, საუბარია დესტაბილიზაციაზე იმ მეთოდებით, რომლებიც გამოიყენებოდა მსოფლიოს გარკვეულ ადგილებში.
„ლაპარაკია იმაზე, რომ ამას ახალგაზრდები უნდა შეეწირონ. ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე არის ნათქვამი, რომ სტუდენტები არის ის ძალა, რომელსაც დასაკარგი არაფერი აქვს, შეუძლიათ, გამოვიდნენ მანიფესტაციაზე და არეულობისთვის სწორედაც ახალგაზრდული ენერგია უნდა იყოს გამოყენებული. ეს ინსტრუქტაჟი არ კეთდება ჩვენთვის უცნობი ადამიანებისათვის. შეკრებილი ჰყავთ გარკვეული საზოგადოება, ის ადამიანები, ვინც დესტაბილიზაციის განვითარების სათავეში უნდა მოექცნენ. ცნობილია ყველაფერი, ამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია თუ ექნებათ, ესეც მოსასმენია, მაგრამ, მგონი, უკვე სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ შესაბამისი დასკვნები გააკეთოს საზოგადოებამ“, – განაცხადა ვოლსკიმ.