გია ვოლსკი - ჩანაწერების სანდოობაში ეჭვი არ მეპარება, სწორედ ის ხალხია, ვინც ხელისუფლებაში ყოფნისას აწამებდა, სისხლს ღვრიდა, იგივე ხასიათი შეინარჩუნეს ოპოზიციაში ყოფნისას
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ეკლესიის, პოლიციისა და სპორტსმენების მიმართ შეურაცხყოფა იმ ადამიანთა შინაგანი არსია, რომელიც რადიკალურ ჯგუფებს ახასიათებს.
ვოლსკის თქმით, ეკლესია დღეს შეტევის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.
„ეკლესიის თემა კიდევ ცალკე საკითხია. ყველამ იცის, ეკლესია არის გარკვეული ინსტიტუტი, რომელზეც დგას საქართველოს დამოუკიდებლობა და ერთიანობა, ეკლესიის ამ ტრადიციამ, გამაერთიანებელმა რესურსმა მოიყვანა საქართველო დღემდე. ეს არის შეტევის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე, უნდა მოირყეს სახელმწიფოს სხვა ინსტიტუტებთან ერთად. სამწუხაროა, რომ ეკლესიის ზოგიერთი მსახური გამოდის და თითქოს ვერ ამჩნევს, საით მიდის კონსპირაცია, გამოდის გაურკვეველი განცხადებებით, რომელიც რადიკალიზაციას უფრო ახალისებს. მადლობა ღმერთს, ესენი უმცირესობაში არიან“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ სპორტსმენების ბულინგი უზნეობაა.
„ახალგაზრდები არიან ის სპორტსმენები, გავიდნენ ევროპაზე, სახელოვანი ხალხია. გაიტანეს საქართველოს სახელი გარეთ. ახალგაზრდები არიან და მათ ფსიქიკაზე ზემოქმედება ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რაც რადიკალურ ოპოზიციას აქვს. ეს არ არის მხოლოდ მათი პოლიტიკური მრწამსის მხარდაჭერის იდეა. ამის გარდა, ფსიქოლოგიური შეტევის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, როგორმე გუნდში შემოიტანონ გარკვეული ფსიქოლოგიური დაძაბულობა, რაც მათ ასპარეზობაში ხელს შეუშლის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
რაც შეეხება გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებს, ვოლსკის თქმით, ჩანაწერების ავთენტურობაში ეჭვი არ ეპარება.
„ეს ჩანაწერები სანდოა, ეჭვი არ მეპარება, ექსპერტიზა დაადასტურებს, რომ ავთენტურია ის, რაც მოვისმინეთ, ვინაიდან სწორედ ის ხალხია, ვინც ხელისუფლებას როცა ფლობდენენ, აწამებედნენ კიდეც და კლავდნენ, სისხლს ღვრიდნენ. იგივე ხასიათი შეინარჩუნა ამ გაერთიანებამ ოპოზიციაში ყოფნის დროს. როდესაც ასეთი ძალადობრივი პროცესები იგეგმება, იგეგმება ბრუტალური ძალადობის და სისხლისღვრის პროცესები. ამას ყველამ უსმინა არა მარტო ამ ჩანაწერში, არამედ ახლახან ვუყურებდით სწორედ იმ მეცადინეობებს, რომლებსაც კონკრეტული ახალგაზრდები გადიოდნენ ვითარების რადიკალიზაციისა და სისხლის დასაღვრელად. „ნაცმოძრაობის“ აქტივისტების ცემა და მათზე ფიზიკური ძალადობა არის მცდელობა, დაბალანსდეს ის, რაც ფარულ ჩანაწერებში მოვისმინებთ, ის, რაც რეალურად ხდება, ამ რესურსით იყოს დაბალანსებული. ეს არის ნათელი, ორჯერ ორი ოთხია, ამ ფორმულას ვერანაირი სხვა ლოგიკური ახსნა წინ ვერ დაუდგება. ადამიანები გეგმავენ დაპირისპირების ისეთი ხარისხის შექმნას, სადაც აუცილებლად ვინმე დაშავდება და თუკი ვინმე გამოესალმება სიცოცხლეს, მათთვის ეს იქნება მთავარი მიღწევა. ამას არ მალავენ. არამარტო ფარულ ჩანაწერებში, ჩვენ ვიხილეთ კანვასის სწავლებები, სადაც სწორედ ამ თემებზე იყო საუბარი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.