გია ვოლსკი - ბევრმა პოლიტიკურმა სუბიექტმა გამოავლინა მავნებლური დამოკიდებულება, ყველას მართებს დაფიქრება, მცირე რესურსის მქონე სახელმწიფოს რა დაემუქრება, თუ დაუფიქრებელ ნაბიჯს გადადგამს
ნებისმიერ პოლიტიკოსს, და არა მარტო პოლიტიკოსს, რომელიც სახელისუფლებო მართვაშია და პასუხს აგებს ქვეყანაში სტაბილურობის საკითხებთან დაკავშირებით, ყველას მართებს დაფიქრება, სიღრმისეული ანალიზი, რა ხდება ჩვენ გარშემო, პატარა, მცირე რესურსის მქონე სახელმწიფოს რა ემუქრება იმ შემთხვევაში, თუკი დაუფიქრებელ ნაბიჯებს გადადგამს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, რუსეთში განვითარებული მოვლენების დროს „იმდენი სულელური მოწოდება გავიგეთ, ამჩატება ყველაზე მსუბუქი შეფასება და ეპითეტია, რომელიც ირაკლი კობახიძემ გამოიყენა“.
ვოლსკის განცხადებით, სამწუხაროდ, მავნებლური დამოკიდებულება გამოვლინდა ბევრი პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან.
„სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა აბსოლუტურად არაადეკვატური განცხადებები, რომელიც არ შეესაბამება ქვეყნის ინტერესებს, უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარების თაობაზე გადამჭრელი და სასწრაფო ზომების მიღების თაობაზე, რომელიც პირდაპირ შედის კონფლიქტურ ურთიერთობებში, მათ შორის რუსეთთან. საკმაოდ სერიოზულ დეტაბილიზაციას უქადის ქვეყანას, თუკი ამ გზით წახვალ, რასაც გვკარნახობენ. გარდა ამისა, მოითხოვა სრული ინფორმაცია, მათ შორის ოპერატიული ვითარების თაობაზე. რასაკვირველია, არავის უთქვამს, რომ ვითარება არ არის დაძაბული და არ არის სერიოზული, მაგრამ ჩვენი უშიშროების უსაფრთხოების სამსახურების სისტემა საკმაოდ კარგად არის აწყობილი, პროფესიონალურად მაღალ დონეზე.
საქართველოს სტაბილურობა განაპირობს იმას, რომ საქართველოში ბევრი საერთაშორისო კონფერენციაც ტარდება. ჩვენი ქვეყანა კვლავ შეინარჩუნებს ტურისტული ჰაბის მაღალ ავტორიტეტს, ეკონომიკური განვითარების ტენდენციებს და უშველებელი სოციალური პაკეტი კვლავ იქნება ჩვენი პოლიტიკის მახასიათებელი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.