გია ვოლსკი - აზრის გამოხატვის უფლება ოპოზიციას არ შეზღუდვია, მაგრამ მნიშვნელოვანია, ვინ ატარებს აქციას, ცხელი გაზაფხულის დაანონსება წარუმატებელი იქნება, რადგან ამას საზოგადოება მხარს არ დაუჭერს
გია ვოლსკი - აზრის გამოხატვის უფლება ოპოზიციას არ შეზღუდვია, მაგრამ მნიშვნელოვანია, ვინ ატარებს აქციას, ცხელი გაზაფხულის დაანონსება წარუმატებელი იქნება, რადგან ამას საზოგადოება მხარს არ დაუჭერს

საქართველოში აქციების ჩატარებისა და აზრის გამოხატვის რესურსი არსებობს, ეს უფლება ოპოზიციას არ შეზღუდვია, მაგრამ მნიშვნელოვანია, ვინ ატარებს აქციას, ვინ უწოდებს საკუთარ თავს ეროვნულ მოძრაობას და ვინ ახმოვანებს საკუთარ პოლიტიკურ ამბიციას, გახდეს პროცესების ლიდერი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების განცხადებას, რომლებმაც მოსახლეობას 24 თებერვალს რუსთაველის გამზირზე აქციაზე გასვლისკენ მოუწოდეს.

გია ვოლსკის თქმით, ეს პოლიტიკური გაერთიანება ვერ პასუხობს კრიტერიუმებს, რომლებიც ეროვნული ინტერესების გარშემო გაერთიანებულ პოლიტიკურ ძალას ახასიათებს.

„ამ ყველაფერს თუ  გავაანალიზებთ, ეს ტრიუმვირატი ვერ პასუხობს ვერცერთ კრიტერიუმს, რაც რეალურად ეროვნული ინტერესების გარშემო გაერთიანებულ პოლიტიკურ ძალას ახასიათებს. ეს პოლიტიკური გაერთიანება არის უცნაური თავისი ეკლექტურობით, წარსულით, აწმყოთი და მომავალში პერსპექტივა არ აქვთ. ეს ხალხი საკმაოდ დიდი ხანია, გარკვეულ თემებს ექსპლუატაციას უწევს, მათ შორის არის რუსეთის თემა. ახლა სპეკულაციისთვის უკრაინის თემა მიეცათ. ნაკლებად მჯერა, რომ ეს ადამიანები მართლა განიცდიან იმას, რაც უკრაინაში ხდება. პირიქით, უკრაინაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური დივიდენდი მიიღონ. ცხელი გაზაფხულის დაანონსება წარუმატებელი იქნება, რადგან ამას საზოგადოება მხარს არ დაუჭერს. მსოფლიოსთვის, რეგიონისთვის, საქართველოსთვის ძალიან რთული პერიოდია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია არის ოპტიმალური, რათა სტაბილურობა შევინარჩუნოთ და მშვიდობა უზრუნველვყოთ. საზოგადოება ხედავს, ვინ არის ამის მომხრე, წინააღმდეგი და გულწრფელად ვინ ზრუნავს სერიოზული პრობლემების მოგვარებაზე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.