გია ვოლსკი - ავსტრიის კანცლერი ხაზს უსვამს ევროკავშირთან საქართველოს პოზიტიურ პერსპექტივას, ხოლო უკრაინის მაღალჩინოსნების განცხადებაში მეორე ფრონტის ინტერესი დევს
გია ვოლსკი - ავსტრიის კანცლერი ხაზს უსვამს ევროკავშირთან საქართველოს პოზიტიურ პერსპექტივას, ხოლო უკრაინის მაღალჩინოსნების განცხადებაში მეორე ფრონტის ინტერესი დევს

ევროკავშირის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყნის ლიდერის გამონათქვამს უკრაინელი პოლიტიკოსების გამონათქვამს ნუ შევადარებთ, რადგან აბსოლუტურად განსხვავებული ინტერესებია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, კანცლერის განცხადება უკავშირდება ევროკავშირის ინტერესს, რომ ევროკავშირს ურთულეს პერიოდში რეგიონში მოწინავე ქვეყანა საქართველო ახლოს ჰყავდეს და ისარგებლოს იმ რესურსებით, რომელიც ევროკავშირს გააჩნია.

„ამაში ევროკავშირიც დაინტერესებულია. როცა უკრაინელი კონკრეტული მაღალჩინოსანი საქართველოსთან დაკავშირებით აკეთებს განცხადებას, ის გამოდის იმ ინტერესიდან, რასაც ჰქვია მეორე ფრონტის გახსნა. გარკვეულწილად, საქმისგან შორს მდგომი ადამიანისთვის შეიძლება ეს გამონათქვამი გასაგები იყოს, რადგან უკრაინა ომს აწარმოებს და წარმატებისთვის სჭირდება საქართველოში მეორე ფრონტი, მაგრამ ამ მოწოდების შინაარს რომ დავუკვირდეთ, იმ დასკვნამდე მივალთ, რომ კანცლერის განცხადება უკავშირდება საქართველოს განვითარებას და წინსვლას, ხოლო უკრაინის მაღალჩინოსნების განცხადება რომ ასრულდეს, შედეგად მოიტანს ქვეყნის ნგრევას. კანცლერი რეალურ სიტუაციას აფასებს და ხაზს უსვამს საქართველოს ევროკავშირთან პოზიტიურ პერსპექტივას, ხოლო უკრაინის მაღალჩინოსნების განცხადებაში, სამწუხაროდ, მეორე ფრონტის ინტერესი დევს, რაც საქართველოსთვის ნგრევის ტოლფასია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე, გუშინ განაცხადა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის და აქვე, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიმართ დახმარების მზადყოფნა გამოხატა.

კარლ ნეჰამერის განცხადებით, მოხარულია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა ევროკავშირის ყველა ფინანსურ სანქციას. „ეს არ არის მარტივი, რადგან საქართველოზე ზეწოლა ძალიან მაღალია, ლტოლვილთა დიდი ნაკადი დაატყდა თავს რუსეთიდან“, – აღნიშნა ავსტრიის კანცლერმა.