გია ვოლსკი - ათასგვარ ტყუილს ვისმენთ, სამწუხაროა, რომ ზოგი გულუბრყვილო, ზოგი გულწრფელი ახალგაზრდა არის ჩართული ამაში, სპეციალური ჯგუფებიც მომზადებულია, რომ პროცესების რადიკალიზაცია მოახდინონ
2012 წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუდგამს არცერთი ნაბიჯი, რომლითაც ისარგებლა ან რომელიც იყო რუსეთის ხელისუფლების, მისი ინტერესის ხელშემწყობი, მაშინ როდესაც შემიძლია, ათეული დაგისახელოთ ისეთი ნაბიჯებისა, რომლებიც იმ ხელისუფლებამ შექმნა, რომელთა ლიდერებიც დღეს არიან გამოსული და ამ ახალგაზრდების ზურგზე ამხედრებულებს უნდათ, დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ პირველი არხის ეთერში სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიოში დღეს ბირთვული ომის საფრთხეა.
„გადავხედოთ, რა ხდება მსოფლიოში. არის არათუ მესამე მსოფლიო ომის, ბირთვული ომის საფრთხეა შექმნილი. ნებისმიერი პროცესი, რომელიც მიმდინარეობს აქ, სხვადასხვა ქვეყანაში, ყველაფერი განპირობებულია იმის გამო, რომ რუსეთის აგრესიამ გამოიწვია ასეთი შეცვლილი სიტუაცია, ისეთი, რომელიც შეიძლება, ძალიან ძვირი დაუჯდეს ზოგადად მთელ კაცობრიობას. ყველაფერს, ნებისმიერ პროცესს ეს თემა განაპირობებს. ეს ერთი საკითხი; მეორე და მთავარი საკითხი ისაა, რომ ყველამ იცის, აქ ვინც დგას, მოიგონოს, გინდ ახალგაზრდა იყოს, გინდ შუახნის, გინდ ხანში შესული, 2012 წლის შემდეგ არცერთი ნაბიჯი საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუდგამს ისეთი, რომლითაც ისარგებლა ან რომელიც იყო რუსეთის ხელისუფლების ან მისი ინტერესის ხელშემწყობი, არცერთი. მაშინ როდესაც შემიძლია, ათეული დაგისახელოთ ისეთი ნაბიჯებისა, რომლებიც იმ ხელისუფლებამ შექმნა, რომელთა ლიდერებიც დღეს აგერ არიან გამოსული და ამ ახალგაზრდების ზურგზე ამხედრებულებს უნდათ, რომ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ეს არის რეალობა, ეს სურათი არის“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
მისივე თქმით, არაფერი საკვირველი არ უნდა იყოს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობაში.
„რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას, ამაშიც არაფერი საკვირველი არ უნდა იყოს, თუ ჩვენ მოვითხოვთ, რომ საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული იყვნენ, მით უმეტეს, რატომ უნდათ დამალონ თავიანთი ხარჯები, თუ მართლაც ესენი არ აფინანსებენ პროცესების რადიკალიზაციას? ამ ურთულეს ვითარებაში საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა, შეინარჩუნა ეკონომიკური ზრდის პარამეტრები, გაამძლავრა სოციალური პაკეტი. რასაკვირველია, ხალხის, საზოგადოების უდიდესი ნაწილი არ აირჩევს იმას, ვინც დესტაბილიზაციას ქადაგებს და კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს. აქედან გამომდინარეობს ეს ყველაფერი. რასაკვირველია, ამათ არჩევნები არ უნდათ. საარჩევნო სისტემა შემოვიღეთ ისეთი, ელექტრონული, პროპორციული, რომელიც პრაქტიკულად გამორიცხავს გაყალბებას. არამარტო გაყალბებას, ამ თემაზე სპეკულაციის შესაძლებლობასაც გამორიცხავს. ეს არის ვითარება, რომელიც რეალურად არსებობს. სამწუხაროა, რომ ამასთან დაკავშირებით ასეთი ანალიზი არ გაუკეთებია არავის, რომელიც დღეს ქადაგებს დესტაბილიზაციასა და რევოლუციური პროცესების განვითარებას. რაღაც ათასგვარ ტყუილს ვისმენთ. სამწუხაროა, რომ ზოგი გულუბრყვილო, ზოგი გულწრფელი ახალგაზრდა არის ჩართული ამაში. ამ დროს ვიცით, რომ სპეციალური ჯგუფებიც მომზადებულია, რომ პროცესების რადიკალიზაცია მოახდინოს. უფრო მეტიც, არც მალავენ, რომ მიზანი არის ვინმეს დაშავება და იმიტომ ჰყავთ ჩართული, კიდევ სკოლის მოსწავლეებიც ჰყავთ გამოყვანილი ასპარეზზე, რომ იქნებ რაღაც ისეთი მოხდეს, რომელიც შეარყევს სიტუაციას. დარწმუნებული ვარ, ეს ჩემი მესიჯი, მათ შორის, თქვენი საშუალებით, მივა იმ ადამიანებამდე, ვინც უნდა გაიგონოს ან ვისაც რაღაც კითხვები კიდევ აქვს დარჩენილი ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.