აშშ-ის მხრიდან საქართველო მაღალ დონეზეა შეფასებული, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის საკითხში, ასევე სასამართლო და საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, ძალიან კარგი და დამაიმედებელი განმარტებებია გაკეთებული ეკონომიკური ურთიერთობების მთელ რიგ მიმართულებებზე.
„2020 წელს რასაკვირველია არჩევნები საერთაშორისო სტანდარტით უნდა ჩავატაროთ. ისევე როგორც არაერთი წინა არჩევნები ჩატარდა. თუმცა ის პატარა არასასურველი გადახვევები და არასასურველი შენიშვნები აღარ უნდა იყოს, მე ვამბობ შიგნით რაც გვქონდა, თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაციებისგან. რაც შეეხება გზავნილებს, ასეთი გზავნილები ორაზროვნებას აღარ უნდა იწვევდეს. მაღალ დონეზეა შეფასებული როგორც დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა ზოგადად. ასევე მთლიანად სასამართლო რეფორმის თემა და საკონსტიტუციო რეფორმა. ძალიან კარგი და დამაიმედებელი განმარტებებია გაკეთებული ეკონომიკური ურთიერთობების მთელ რიგ მიმართულებაზე. დეკლარაცია, რომელსაც ხელი მოეწერა სწორედ ამ მუხტით არის გაჯერებული, იმის მიუხედავად, ოპოზიციამ რაც არ უნდა თქვას. ანაკლიის პორტი არის თემა, რომელსაც ორი აზრი და ალტერნატივა არ გააჩნია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.