გია ვოლსკი - არსებობს სარეკლამო და სპორტული აგენტიც, გააჩნია, ამ სიტყვით როგორ მანიპულირებთ, რადიკალური ოპოზიციის სტრატეგიაა, ხალხისთვის საინტერესო საკითხზე ნებისმიერ წინადადებას დაუპირისპირდეს
სარეკლამო აგენტიც არსებობს და სპორტული აგენტიც, გააჩნია ამ სიტყვით როგორ მანიპულირებთ, რადიკალური ოპოზიციის სტრატეგიაა, საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხზე ნებისმიერ წინადადებას დაუპირისპირდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ „უცხოური აგენტის აქტის რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, რადიკალურ ოპოზიციას დაძაბულობის კერის შექმნა აინტერესებს და აინტერესებთ, რომ დასავლელ მოკავშირეებს გარკვეული პრეტენზია ან ეჭვები გაუჩნდეთ იმ კანონპროექტის მიმართ, რომელიც მათმა ოპონენტმა წარადგინა.
„საკმაოდ სიღრმისეული მსჯელობა გვქონდა და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში მოქმედებს, საზოგადოებისთვის უნდა აკეთებდეს განცხადებას, რა პროგრამას მიჰყვება, რა ოდენობის დაფინანსება აქვს და ვისგან. სპეკულაცია, თითქოს ეს ეხება ამერიკისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებს, სპეკულაციაა და არასწორია. ამ ურთულეს სიტუაციაში, რაც მსოფლიოშია შექმნილი, მოსალოდნელია ათასი ჯურის ორგანიზაციების შემოსვლა, არასამთავრობო ორგანიზაციებად რეგისტრირება და მათი დაფინანსება. ამ თემაზე სპეკულირება არის აბსოლუტურად პოლიტიკური შინაარსის, რაც რადიკალურ ოპოზიციას აწყობს და არ აწყობს ქართულ საზოგადოებას. კანონი, რომელიც ამერიკაში მოქმედებს, გაცილებით უფრო ხისტია, ითვალისწინებს გარკვეულ მოთხოვნებს და პასუხისმგებლობებს სისხლის სამართლის საქმეების აღძვრასთან ერთად.
საზოგადოებამ უნდა იცოდეს, როდესაც გამჭვირვალობაზე გვაქვს საუბარი, არ შეიძლება, ეს პრივილეგია მხოლოდ სათაურში გამოიხატებოდეს. მაგალითად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ არის ორგანიზაცია, რომელიც პირველი უნდა იყოს იმ ხაზზე, სადაც ორგანიზაციები ხმამაღლა განაცხადებენ, რომ მათ არაფერი აქვთ დასამალი ქართული საზოგადოების წინაშე.
სიტყვა „აგენტი“ ცუდ კონტექსტში მოიხსენიეთ. სარეკლამო აგენტიც არსებობს და სპორტული აგენტიც. გააჩნია ამ სიტყვით როგორ მანიპულირებთ. რადიკალურ ოპოზიციას გარკვეული სტრატეგია გააჩნია. სტრატეგია გულისხმობს, რომ ნებისმიერ წინადადებას, რომელიც საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებს ეხება, უნდა დაუპირისპირდე, ასეთი ფორმულაა. შინაარსი არაფერ შუაშია. მათ შინაარსი არ აინტერესებთ. მათ დაძაბულობის კერის შექმნა აინტერესებთ. აინტერესებთ, რომ დასავლელ მოკავშირეებს გარკვეული პრეტენზია ან ეჭვები გაუჩნდეთ იმ კანონპროექტის მიმართ, რომელიც მათმა ოპონენტმა წარადგინა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მოძრაობა „ხალხის ძალამ“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი 14 თებერვალს პარლამენტში დააინიცირა. გუშინ „ხალხის ძალაში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, ინიცირება გაუკეთონ ახალ კანონპროექტს „უცხოური აგენტის აქტის რეგისტრაციის შესახებ“, რომელიც ამერიკულის ანალოგია. როგორც „ხალხის ძალის“ წევრებმა განმარტეს, ალტერნატიული პროექტის ფონზე საზოგადოებასაც, ოპონენტებსაც მსჯელობის უფრო მეტი საშუალება ექნებათ და სპეკულაციისთვის სივრცე არ დარჩებათ.