გია ვოლსკი - არსებობს ოკუპაცია, არსებობენ ოკუპანტები და საოკუპაციო რეჟიმი, რომლებიც ყოველთვის შეეცდებიან, ბარიერი შექმნან
არსებობს ოკუპაცია, არსებობენ ოკუპანტები და საოკუპაციო რეჟიმი, რომლებიც ყოველთვის შეეცდებიან, რომ ბარიერი შექმნან – ამის შესახებ პირველ არხს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც ახალგორში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.
ვოლსკის თქმით, საოკუპაციო რეჟიმი ამ ბარიერს ხან საბაჟო პუნქტს დაარქმევს, ხან გამშვებ პუნქტს და ხან „სახელმწიფოს“, კიდევ „დამოუკიდებელ“ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას და ეცდება, რომ ვიზიტებითაც იარონ ნაურუში.
„ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოსახლეობა ერთმანეთთან ურთიერთობებს დაკარგავს. ნათესაური და მეგობრული ურთიერთობა გაურთულდებათ, მაგრამ ფაქტია, რომ ამასთან დაკავშირებით ოფიციალური პასუხის გაცემა შეუძლებელიც არის და მიზანშეწონილიც არ არის.
ძნელია წინ აღუდგე სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობის ემოციურ სურვილს და საჭიროებას, რომ ეკონომიკური კავშირი ჰქონდეთ და იმ მძიმე მდგომარეობისგან თავი გადაირჩინონ, რომელიც გააჩნიათ”, – განაცხადა ვოლსკიმ.
ოკუპირებულ ახალგორთან ე.წ. რაზდახანის გამშვებ პუნქტზე ე.წ. საბაჟო კონტროლის განხორციელება გასულ კვირას უნდა დაწყებულიყო.