გია ვოლსკი - არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის ერთიანი ტექსტით მიღება სახელმწიფოს ინტერესებშია
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ფიქრობს, რომ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის ერთიანი ტექსტით მიღება სახელმწიფოს ინტერესებშია.
როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, რეზოლუციის პროექტი მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევაზე არ არის კონცენტრირებული და საოკუპაციო რეჟიმისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარების მიმართ საერთო დამოკიდებულებას გამოხატავს.
„უმჯობესია, პარლამენტის წინაშე ერთიანი რეზოლუციით წარვსდგეთ. ოპონენტებმაც იგივე აზრი გამოხატეს, რომ სჯობს, კონსულტაციები გავაგრძელოთ. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა რეზოლუციის ტექსტის სასარგებლოდ გადაწყვეტილება არ მიიღო. ჩვენს მიერ მომზადებული დოკუმენტის მიმართ უმრავლესობას საერთო აზრი გვაქვს“, – დასძინა ვოლსკიმ.
რეზოლუციის პროექტის მიღებას პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გეგმავს. ერთიანი ტექსტის შეჯერების მიზნით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის კონსულტაციები მიმდინარეობს.