გია ვოლსკი - არც უმრავლესობის არგუმენტები შეცვლილა, არც - ნინია კაკაბაძე, რომ ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი არ აკონკრეტებს, დაუჭერს თუ არა მხარს საპარლამენტო უმრავლესობა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის კანდიდატურას.
ჟურნალისტებთან საუბარში ვოლსკი საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
„ვფიქრობ, არც უმრავლესობის განწყობა და არგუმენტები შეცვლილა და არც ნინია კაკაბაძე შეცვლილა დიდად, რომ ერთმანეთში ურთიერთობა რაღაც ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ”, – განაცხადა ვოლსკიმ.
ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა გოგორიშვილის ინფორმაციით, უმრავლესობის გარეთ მყოფმა ცხრა დეპუტატმა სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის კანდიდატურა წარადგინა.
პარლამენტი კანდიდატების თაობაზე მომავალ კვირაში იმსჯელებს. რაც შეეხება ნინია კაკაბაძეს, მას უმრავლესობამ სამეურვეო საბჭოს წევრად მხარი წინა მოწვევის პარლამენტში არ დაუჭირა და მისი კანდიდატურა კენჭისყრაზე ჩააგდო.