გია ვოლსკი - არ მიმაჩნია, რომ გოჩა ენუქიძემ წინასაარჩევნო წესები დაარღვია
არ მიმაჩნია, რომ გოჩა ენუქიძემ წინასაარჩევნო რაიმე წესი დაარღვია, თუ რაჭაში მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობას დახმარების ხელი გაუწოდა ან სოფლის რწმუნებული არაეფექტური მუშაობის გამო სამსახურიდან გათავისუფლდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშს გამოეხმაურა.
დეპუტატის თქმით, კონკრეტული ფაქტები უფრო დეტალურად უნდა იყოს განხილული.
„ვერც იმას დავარქმევდი ღირებულ ინფორმაციას, როცა ვიღაც ნათესავმა, არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთ მუშაკს შეუთვალა, რომ წყნარად იყოს და აქტიური არ იყოს. ეს მისი აქტიურობის ხარისხზე ზემოქმედებას ვერ განაპირობებს, მით უმეტეს, ვერ იქნება რეგისტრირებული, როგორც გარკვეული წესების დარღვევა. წესები უნდა დავიცვათ, ამას ყველა პარტიას მოვუწოდებ, პირველ რიგში, „ქართულ ოცნებას“. ძალიან ბევრი ადამიანია ჩასაფრებულ პოზიციაში. ნებისმიერი მცირე გადახვევა იქნება შეფასებული გაცილებით უფრო მწვავედ, ვიდრე მისი შინაარსი ამას გულისხმობს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.
„სამართლიანი არჩევნების” ანგარიშის თანახმად, სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები დაფიქსირდა: ცაგერში, ამბროლაურში, ონში, ხელვაჩაურში, ოზურგეთში, სოფელ გლდანსა და ჩუღურეთში.