გია ვოლსკი - არ მიგვაჩნია, რომ „მეგობარი აქტი“ სამართლიანია, საქართველო მოკავშირისაგან მსგავს დამოკიდებულებას არ იმსახურებს, ვიმედოვნებთ, ასეთი გადაწყვეტილების მიღებას სერიოზული პრობლემები შეექმნება
ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ „მეგობარი აქტი“ არის სამართლიანი და დარწმუნებული ვარ, ასეთი გადაწყვეტილებების მიღებას საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეექმნება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი შეფასებით, ეს არ არის მეგობრული აქტი და საქართველო მოკავშირისაგან მსგავს დამოკიდებულებას არ იმსახურებს.
„არ არის ეს მეგობრული აქტი და არ იმსახურებს საქართველო მსგავს დამოკიდებულებას მოკავშირისაგან, მით უმეტეს, საქართველომ ერთგულება არაერთხელ დაადასტურა, თუნდაც იმ პოლიტიკის მიმართ, რაც აშშ-ს ჰქონდა, თუნდაც ავღანეთში, ჩვენი სისხლით, თავდადებით, მეგობრობით და თუნდაც ურყევი პოზიციით, რასაც ჰქვია ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. გარდა ამისა, ამ რეალობაში აქტი ითვალისწინებს იმას, რომ რუსეთი თუკი ძალას გამოიყენებს საქართველოს მიმართ, ჩვენი უსაფრთხოების გარანტია არის სამხედრო დახმარების პაკეტი და რეალურად ვითარება, რაც შეიძლება, საქართველოში შეიქმნას რუსეთის აგრესიის გამო არ არის პრევენციის რაიმე მექანიზმით დაცული.
რასაკვირველია, დემოკრატიას არანაირად არ უპირისპირდება საქართველოში გამჭვირვალობის კანონის მიღება. წარმოიდგინეთ, გამჭვირვალეობას ითხოვს ქვეყანა, კანონს იღებს პარლამენტარი და შეიძლება, პარლამენტარი კანონის გამო დაისაჯოს, თურმე დემოკრატიას უთხრის ძირს. უსამართლობაა და ამ უსამართლობას უნდა დავარქვათ უსამართლობა. ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ეს არის სამართლიანი აქტი და იმედი გვაქვს, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღებას საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეექმნება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოსთან დაკავშირებით „მეგობარი აქტი“ მიიღო.