გია ვოლსკი - ანაკლიის პროექტზე სახელმწიფო ახალ ტენდერს გამოაცხადებს და იმედია, ამ საქმეს კეთილსინდისიერი შემსრულებელი მოჰკიდებს ხელს
გია ვოლსკი - ანაკლიის პროექტზე სახელმწიფო ახალ ტენდერს გამოაცხადებს და იმედია, ამ საქმეს კეთილსინდისიერი შემსრულებელი მოჰკიდებს ხელს

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით ტენდერი ხელახლა უნდა გამოცხადდეს.

მისი თქმით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელობამ პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანა.

„ახალი ტენდერი უნდა გამოცხადდეს, რასაკვირველია, მაგრამ საოცრებაა, რომ ოთხი წლის განმავლობაში სახელმწიფო კონსორციუმს, ფაქტობრივად, გადაგდებული ჰყავდა. ათეულობით მილიონი ლარი დაიხარჯა, სახელმწიფომ თავისი ვალდებულებები შეასრულა, არაერთხელ გაუგრძელა ვალდებულებების შესასრულებლად კონტრაქტი, პირობები შეიცვალა. ასეთი რამ ბევრჯერ მოხდა.

2019 წლის გაზაფხულიდან უკვე გამოაცხადა კონსორციუმის ხელმძღვანელობამ, რომ ისინი გადადიან პოლიტიკური ბრძოლის პლატფორმაზე და ყველაფერი, რაც ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ხდება, გადაიტანა ამ პოლიტიკურ ფორმატში. ეს არის რეალობა, ამასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა, სახელმწიფო ახალ ტენდერს გამოაცხადებს და იმედია, რომ კეთილსინდისიერი შემსრულებელი მოჰკიდებს ამ საქმეს ხელს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურებს იწყებს. აღნიშნული საკითხი მთავრობის სხდომაზე განიხილეს. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს „ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის (BOT) შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურები.